განხეთქილება რუსეთთან – ბელარუსმა ნავთობის იმპორტი ნორვეგიიდან დაიწყო

მოსკოვთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსმა ნორვეგიული ნავთობის იმპორტზე დადო ხელშეკრულება

“როიტერის” ცნობით, ბელარუსის ნავთობის კომპანიამ შეისყიდა ნორვეგიული ნავთობის პარტია, რომელიც მას მიეწოდება 22 იანვარს, ლიტვის პორტ კლაიპედაში.
 
“ველოდებით ამ მოწოდებას, შემდეგ კი გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს”, – განუცხადა “როიტერს” ბელარუსის ნავთობქიმიის კონცერნის წარმომადგენელმა.
 
ნავთობს კლაიპედადან ბელარუსის ქალაქ ნოვოპოლოცკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე რკინიგზით გადაიტანენ, რაც ბელარუსს ნავთობის ღირებულებას ტონაზე 20$-ით გაუძვირებს.
 
Klaipedos nafta ადასტურებს, რომ მათ ბელარუსის მხარისგან მიიღეს თხოვნა. მათი განცხადებით, აქვთ შესაძლებლობა გადატვირთონ ბელარუსისთვის 3 მლნ ტონამდე ნავთობი. შარშან ბელარუსმა რუსეთიდან 18 მლნ ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა.
 
ბელარუსმა ნავთობის იმპორტის სხვა ქვეყნებიდან განხორციელებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვერ შეძლო რუსეთთან ნავთობის ფასზე შეთანხმება და 1 იანვრიდან რუსეთმა ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა. 4 იანვრიდან რუსი ბიზნესმენის, მიხაილ გუცერიევის კონტროლქვეშ მყოფმა კომპანიებმა განაახლეს ნავთობის მიწოდება და განაცხადეს, რომ შეუძლიათ იანვარში ბელარუსს მიაწოდონ 750 ათასი ტონა ნავთობი, რაც ნოვოპოლოცკის და მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თვიური მოთხოვნის ნახევარს შეადგენს. რუსეთიდან ბელარუსისთვის მიწოდებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასის 83%-ის ტოლია. ბელარუსი იხდის აგრეთვე პრემიას 10 დოლარის ოდენობით ნავთობის ყოველ ტონაზე.
 
ნავთობქიმიური კომპლექსის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა დავალება ნავთობის იმპორტის ალტერნატიული წყაროების მოძიების შესახებ.
 
“ორი სიტყვით, რატომ ვერ მოვილაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტთან ნავთობზე. იმიტომ, რომ რუსეთს სურს, ვიყიდოთ ნავთობი მსოფლიო ფასებზე უფრო ძვირად. სად გინახავთ ასეთი რამ?! ამიტომაც ვთქვი მე უარი ასეთ ნავთობზე”, – განაცხადა ლუკაშენკომ პრემიის, “სულიერი აღორძინებისთვის” გადაცემის ცერემონიალზე.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად