განჩინება, რომლითაც ბათუმის ნავთობტერმინალს ყადაღა დაედო

"აიპრესი" სასამართლო განჩინებას ავრცელებს, რომლითაც დასტურდება, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიისა და მისი უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ სიმართლეს შეესაბამება. 

აღნიშნული განაჩენის ნაწილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კომპანიის დირექტორმა სასამართლო დავის შესახებ საუბარი არც ერთ მედიასაშუალებასთან არ ისურვა. რის გამოც, მკითხველის ნაწილს გაუჩნდა კითხვები, შეესაბამება თუ არა დაყადაღების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს.

"აიპრესი" რამდენიმეჯერ შეეცადა "ბათუმის ნავთობტერმინალის" დირექტორთან, მალიკ დიუსემბაევთან სასამართლო დავისა და ტვირთბრუნვის შემცირების შესახებ კომენტარის მოპოვებას, თუმცა კომპანიის მხრიდან კომენტარს იმის გამო არ აკეთებდნენ, რომ მათი პოზიცია ყაზახურ მხარესთან უნდა შეთანხმებულიყო. მას შემდეგ, რაც "აიპრესმა" ბათუმის პორტში, ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვის შემცირების, სარევიზიო კომისიის შესვლისა და კომპანიის დაყადაღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, კომპანიის დირექტორი ტელევიზიასთან ინტერვიუზე დათანხმდა, თუმცა ჟურნალისტებთან სასამართლო დავაზე არ ისაუბრა.

"ობიექტური მიზეზები არსებობს, თუ რატომ შემცირდა პროდუქციის შემოტანა. პირველ რიგში ჩვენ გვქონდა ნავთობი, ის უკვე მილებში ჩაედინება. კრიზისი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე გრძელდება, შესაბამისად შემცირდა წარმოება და ტვირთბრუნვა. თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ, თქვენი თვალით შეგიძლიათ შეგიძლიათ დააფიქსიროთ. ნებისმიერი ოფიციალური პირის განცხადება იქნება ერთგვარი ზეწოლა სასამართლოზე, ამიტომ დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს",-განაცხადა მალიკ დიუსემბაევმა.

ამასთან, როგორც "აიპრესს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრო სწავლობს ბათუმის ნავთობტერმინალის დაყადაღებისა და ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზებს. მისივე განმარტებით, კომპანიის საქმიანობის შესწავლის პირველადი შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

"ამ ეტაპზე ვაგროვებთ ყველა ამ ინფორმაციას. მომავალ კვირაში სავარაუდოდ გვექნება უკვე მონახაზი. ბათუმის პორტის ხელმძღვანელობასთან უკვე მქონდა საუბარი და ჯერჯერობით დეტალებზე ისინი ვერ საუბრობენ, იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და ამ ყველაფერს უნდა თავმოყრა და ანალიზი, შემდეგ კი ქმედებების განხორციელება. ჩვენთანაც იყო წერილები შემოსული, გადაგზავნილიც გვქონდა კონკურენციის სააგენტოში და მათთანაც გავივლით კონსულტაციებს",-განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ლიბრა თრეიდინგი FZC-სა და VIBRO DIAGNOSTIC-ის მოთხოვნით, სასამართლომ პორტს შემდეგი სახის ყადაღა დაადო(ამონარიდი განჩინებიდან):

1. ყადაღა დაედოს შპს ,,ბათუმი ტერმინალსის” (HE 184636) 100%-იან წილს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალში” (ს/კ 245432544).

2. ყადაღა დაედოს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის” (ს/კ 245432544) მართვის უფლებას შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” წილის 100%-ზე.

3. ყადაღა დაედოს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის” (ს/კ 245432544) საკუთრაბაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე – ბათუმი, ქუჩა მაიაკოვსკი, №4, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 299 112.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.16.004. 

სასამართლო განჩინებაში, ყადაღის გარდა, საუბარია დისკრიმინაციულ ტარიფებზე და დომინანტური მდგომარეობის გამოყენების თაობაზე. სასამართლო განჩინების თანახმად, ბათუმის ნავთობტერმინალმა დაეკისრა ვალდებულება:

"შეასრულონ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არ გამოიყენონ დომინანტური მდგომარეობა ბოროტად, არ დაუწესონ უსამართლო და დისკრიმინაციული ტარიფი ლიბრა თრეიდინგ FZC-ს და უცხოური საწარმოს ფილიალს VIBRO DIAGNOSTIK და არ განახორციელონ კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები". 

ბათუმის პორტში პრობლემების გამო, საზღვარზე ათასობით ცისტერნაა შეჩერებული

ბათუმის პორტში 11 კაციანი სარევიზიო კომისია შევიდა

ბათუმის ნავთობტერმინალი დაყადაღებულია

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის პორტში არსებულ სიტუაციას შეისწავლის

"ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით კონსულტაციებს კონკურენციის სააგენტოსთან გავივლით"

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...