განათლების ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების დასაქმება იწყება

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან,- დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებს პრემიერმინისტრმა მიაწოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

"მოახმარე შენი ცოდნა სამშობლოს!"- სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ განათლების პროექტი. აღნიშნული პროგრამა არის ყველაზე წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს. მჯერა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული თითოეული ინვესტიცია არის ყველაზე გონივრული ინვესტიცია და ქვეყანად ასმაგად დაუბრუნდება,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კურსდამთავრებულებს სამშობლოში დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ხდებოდა ახალგაზრდების გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც უცხოეთში სწავლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებოდნენ.

"ჩვენში არის სერიოზული გონებრივი კაპიტალი, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ და არ ხდება ჩვენი სამშობლოსთვის ამ კაპიტალის გამოყენება. მთავარი მიზანი ამ პროექტის იყო ის, რომ სწორი გზა მიგვეცა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ორი წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე სტუდენტის სწავლა დავაფინანსეთ და ვიკისრეთ ვალდებულება, რომ დაბრუნებისთანავე უზრუნველვყოფთ თქვენს დასაქმებას სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ, რომ უკვე გადავწყვიტოთ და თქვენი ცოდნისა და პროფესიის შესაბამისი სამსახურები შემოგთავაზოთ,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრმა კურსდამთავრებულთა შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გააგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, რომელთა ნაკადი სამომავლოდ გაორმაგდება.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა 14 ახალგაზრდას კურსდამთავრებულთა სერტიფიკატი გადასცა.

სამშობლოში დაბრუნებულ 2015 წლის კურსდამთავრებულებს განათლების საერთაშორისო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიურო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ხელშეკრულებით დასაქმებას შესაბამისი აკადემიური ხარისხის, სპეციალობისა და პროფილის შესთავაზებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-15 სასწავლო წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა, 2015-16 სასწავლო წლისთვის კი 115 ახალგაზრდაზე გასცა გრანტი. სულ მალე მათი ნაწილი საქართველოში შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაშიც დაეხმარება, რაც ერთი მხრივ მათი ინდივიდუალური პროფესიონალური კონტაქტების გაფართოებას მოემსახურება, მეორე მხრივ კი ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებში მუშაობას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...