განათლების სამინისტრო:180 სკოლაში სამი დღით სწავლა შეწყდება

გურიაში, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ხვალიდან 3 დღით სწავლა შეწყდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სწავლის შეწყვეტის მიზეზი დიდთოვლობაა, რის გამოც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გართულებულია, და ასევე,  ვირუსული გრიპი. 

ვირუსული გრიპის გამო სკოლებში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა. 

„გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატებაა და განსაკუთრებით კონცენტრირდება ეს ბავშვთა ასაკში, ჩვენ რეგულარულად გვაქვს კონტაქი განათლების სამინისტროსთან . ვცვლით ინფორმაციას.

პირველი ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ დაწესებულიყო მონიტორინგი სკოლებში, ხომ არ ცდებოდა გაცდენების რაოდენობა 20%-ს და ამ შემთხვევაში ინფორმირებულები ვყოფილიყავით ჩვენ. 

გვქონდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიდეთ რეკომენდაციით, მივმართოთ სასკოლო და ზოგადად სააღმზრდელო დაწესებულებებს, მხედველობაში მაქვს ასევე ბაგა-ბაღები, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ 20%-ს სცილდება გაცდენების მაჩვენებელი, პრევენციულად მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სწავლა 3 დღის განმავლობაში 180 სკოლაში შეწყდება. გაცდენილი დღეები კი, შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. 

„ვაგროვებთ მონაცემებს, როგორც დილის ცვლის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეების დასწრებასთან დაკავშირებით.

მეორე ცვლაში ძირითადად არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ამიტომ უფრო უარესი მდგომარეობაა დასწრებასთან დაკავშირებით მეორე ცვლაში, ვიდრე იყო დილანდელი მონაცემები. 

ფაქტიურად 180 სკოლაა ისეთი, სადაც დასწრება იყო ძალიან ცუდი და გადააჭარბა ამ 20%-იან ნორმას. ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო და სამი დღით ამ სკოლებში გამოაცხადებს არდადეგებს.

გაცდენილი საათზები ანაზღაურდება შაბათი დღის ხარჯზე“, – აღნიშნა ლია გიგაურმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად