განათლების მინისტრის მოადგილე: ამოღებულ ვიდეომასალაში მოსწავლეებს შორის კონფლიქტი არ ჩანს

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური  51-ე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასძენს, რომ ვიდეოჩანაწერი უკვე ამოღებულია, თუმცა კადრებში კონფლიქტი ასახული არ არის. ამის შესახებ მან გადაცემაში "პირველები" განაცხადა. 

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიდეოთვალი, რომელიც სკოლის შიდა პერიმეტრს და სკოლის შესასვლელს აკონტროლებს,  ამოღებულია. ვიდეოთვალიდან ჩანს, თუ როგორ ტოვებენ ეს მოსწავლეები სხვა მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლის ტერიტორიას",-განაცხადა მან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიწყო თუ არა მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სკოლაში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა:

"იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდე, დაიწყო თუ არა ეს კონფლიქტი სკოლაში, ზუსტად უნდა ვიცოდე გამოძიების შედეგები. ვიდეოთვალში კონფლიქტი არ ჩანს. არანაირი კონფლიქტური სიტუაცია ასახული არ არის ამ მასალებში, შესაბამისად იმის თქმა, დაიწყო თუ არა კონფლიქტი მათ შორის სკოლაში, არ შემიძლია გითხრათ". 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად