გამწვანებულ ტერიტორიაზე მშენებლობის პროექტი დადებითად შეფასდა

თბილისის არქიტექტურის სამსახური ქეთევან დედოფლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მშენებლობის პროექტი დადებითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ გამწვანებულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არ ნიშნავს სკვერის ხელყოფას და აღნიშნული საზოგადოებრივი სივრცის გამოცოცხლებას მოახდენს .

"ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენების რეგულირების საბჭომ და თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ განიხილეს ქეთევან დედოფლის გამზირი N29-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 01.17.01.138.073)  სასტუმროს მშენებლობის პროექტი და დადებითი შეფასება მისცეს მას, თუმცა, თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ჯერ-ჯერობით, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.   

საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს სარეკრეაციო ზონა 2-ს (რზ-2), რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და, ასევე, მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას. კანონმდებლობის მიხედვით, რეკრეაციულ ზონა 2-ში, სპეციალური ზონალური ნებართვით, ასევე, დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს, საგამოფენო დარბაზის, ღია და გადახურული კინოთეატრისა და სხვა დანიშნულების მქონე ობიექტების მშენებლობა. 

საარქივო ფოტომასალიდან ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორიის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისში საცხოვრებელი ფუნციის მატარებელი შენობა-ნაგებობა იდგა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს. იგი მდებარეობს სკვერის მიმდებარედ და არა სკვერში. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არათუ არ ნიშნავს სკვერის ხელყოფას, არამედ მოახდენს აღნიშნული საზოგადოებრივი სივრცის გამოცოცხლებას. 

საპროექტო ტერიტორია 2010 წელს გასხვისდა. ტერიტორიაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია სპეცნებართვა და მასზე დასაშვებია სასტუმროს მშენებლობა.კონკრეტულ ტერიტორიას ჩაუტარდა ისტორიულ–არქიტექტურული კვლევა. კვლევის მიხედვით შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაიცემა ახალი მშენებლობის ნებართვა. კერძოდ: არ უნდა დაირღვეს უბნის ერთიანი მასშტაბი; უნდა მოხდეს ტერიტორიაზე მდგომი შენობებისა და ახლად ასაშენებელი მოცულობის ერთგვარი არქიტექტურული უნისონის მიღწევა; უნდა მოხდეს რთული რელიეფის კეთილმოწყობა და არ უნდა შეიცვალოს კლდის არსებული აბრისი. ახალმშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოხდება ისეთი ნაგებობის აგება, რომელიც შეესაბამება უბნის ხასიათს და ჩაეწერება ისტორიულ განაშენიანებაში",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...