გამსახურდია სიგუაზე: ეს კადრები მთლიანად მოდელირებულია და ვინ დგას ტელეფონის მეორე მხარეს, დანამდვილებით არავინ იცის

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ 1991 წელის ვიდეო ჩანაწერი, სადაც სამხედრო გადატრიალების ერთერთი ლიდერი თენგიზ სიგუა სატელეფონო საუბარში ზვიად გამსახურდიას გადადგომისკენ მოუწოდებს და უცენზუროდ მიმართავს, მოდელირებული და მთიანად დადგმულია.

ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში იმ აჟიოტაჟის საპასუხოდ წერს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, 1991 წლის სამხედრო გადატრიალების ერთერთი ლიდერის, თენგიზ სიგუას გარდაცვალებამ გამოიწვია.

“მინდა გითხრათ, რომ ეს კადრები მთლიანად დადგმულია, მოდელირებულია. და ვისთან საუბრობს ის კაცი, ვინც პრეზიდენტ გამსახურდიას ემუქრება – ანუ ვინ არის ტელეფონის სასმენის მეორე მხარეს – ეს დანამდვილებით არავინ იცის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომელიღაც მტრული სპეცსამსახურის დატრენინგებული წარმომადგენელია ან საერთოდ არავინაც არ არის. თუმცა, თავის დროზე ეს იყო ჩვეულებრივი პიარ-პროპაგანდა – აი შეხედეთ, რა მაგარი და “მიმწოლი” პრემიერი გვყავს, როგორი რიხით და გონორით ემუქრება ვითომდაც შიშისგან დაზაფრულ პრეზიდენტს. ამ დროს რუსთაველი უკვე იწვის.

ვინ მამაცი გამოდგა და ვინ მართალი, ვფიქრობ ისტორიამაც და ხალხის არა-ბრბოდ-ქცეულმა ნაწილმა ცხადად დაადასტურა და აჩვენა.

ვინც გამახსენდნენ მიუხედავად სხვაგვარი ისტორიისა, ესენი არიან ნორვეგიის ნაცისტი კოლაბორაციონისტი ვიდკუნ აბრაჰამ ლაურიდს კვისლინგი (“კვისლინგი” თანამედროვე ევროპულ ენებში დამკვიდრებული ტერმინიცაა იმის აღმნიშვნელად, ვისაც ქვეყნის გარე-მტერი და დამპყრობელი სახელმწიფოს სათავეში წამოასკუპებს) და ჰოლანდიელი ანტონ ადრიაან მუსერტი. ორივეს პასუხი აგებინეს.

მეტს არაფერს ვიტყვი იმ ადამიანზე, ვინც ახლახანს გარდაიცვალა. გავიხსენებ მხოლოდ ფრიდრიხ შილერის ლექსს რომაულ დატირებაზე (“ნენიე”) სადაც უდროოდ მოკლულ ჭაბუკ ლინოსს ტირიან ღმერთებიც და მოკვდავნიც. რომ დიდებულია იყო “სატრფოს მიერ ამონაკვნესი სიმღერა”. ლექსის ბოლო სტრიქონი კი ასეთია:

“უმსგავსს მიღმეთში მიაცილებს რადგან დუმილი”. და სავსებით ესადაგება.” -წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ: დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, გუშინ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად.

1992 წლის 8 ნოემბერს  დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად