გამყრელიძე: წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს, მოთხოვნა და ნდობა ვაქცინაციის გაიზარდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“წელს ქვეყანაა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს. გაიზარდა საზოგადოებაში მოთხოვნა და ნდობა ვაქცინაციის. რაც კარგი ნიშანია რომ მომავალ წელს ვიზრუნოთ უფრო მეტი რაოდენობით ადამიანის აცრაზე. იმედია კერძო სექტორიც მომზადებული შეხვდება სეზონს, იქნება მეტი მიმართვა არ რისკ ჯგუფების, არამედ სხვა მოსახლეობისაც”,-ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით,ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება

“ჯერჯერობით ეპიდემიური ზღვარისგან შორს ვართ. დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების სიმპტომებით მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვით.

იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, მიმართვიანობამ იკლო. დღევანდელი ციფრი გახლავთ 191 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. თუ წინა კვირაში, ანუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 312, ახლა გახლავთ 191, რაც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე 2019 წლის პირველ კვირასთან მიმართებაში. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტითაა მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19 პროცენტი, ახლა გვაქვს 22 პროცენტი. თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.

ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად