გამყრელიძე: ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია – მოვუწოდებ მოსახლეობას ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეკომენდაციები გაავრცელა და განმარტა, რომ ფულის ბანკნოტები, შესაძლოა, დაავადების გავრცელების წყაროდ იქცეს.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდოს ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადოს გადახდები აწარმოოს ელექტრონულად.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელს მოსახლეობას ე.წ. ჰიგიენური მზადყოფნისთვის. ესენია: ხელების დაბანა, სველი წესით საცხოვრებლის თუ სამუშაო ადგილის დალაგება, თუ საჭიროა დეზინფექციის ჩატარებაც, დიდი თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება. გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები. ამიტომ, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. იქ, სადაც აუცილებელია ე.წ. ქეშით გადახდა, სასურველია ფულთან კონტაქტის შემდეგ დავიმუშაოთ ხელები. განსაკუთრებით მინდა მივმართო ბანკებს: აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ ბანკის ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, რომ ადამიანებს, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან და აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ ხელების დამუშავების საშუალება. მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, რომ ხელი შეუწყოს, იქნებ ფულის გაცემა იყოს ელექტრონულად, ხოლო თუ მათ ეს არ უნდათ, შეუქმნან შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა. ამ დროისათვის მედიკოსები ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის პასუხს 6 პაციენტის შესახებ ელოდებიან. 3 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ თავს კარგად გრძნობს, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ სულ 150-მდე ადამიანი რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად