გამყრელიძე: დაუშვებელია, რომ კერძო ლაბორატორიები მოსახლეობას ბინაზე მისვლით კორონავირუსზე ტესტს სთავაზობენ, ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიური მზადყოფნისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, საქართველო რამდენიმე დღის წინ გადავიდა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე, გაძლიერდა საზღვრებზე კონტროლი, რათა ქვეყანაში ინფექციის შემოტანა მინიმუმდე იყოს დაყვანილი.

„საქართველო არის იმ 38 ქვეყანას შორის, სადაც ინფექცია დაფიქსირდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, უკვე ინფექცია ფიქსირდება დამატებით რამდენიმე ქვეყანაში -რუმინეთსა და ნორვეგიაში ერთი შემთხვევაა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ასევე ერთი, საბერძნეთში, ესტონეთსა და დანიაში. ანუ, ინფიცირების რიცხვი იზრდება, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიური მზადყოფნისკენ. პანდემია გახლავთ, როდესაც დაავადების გავრცელება ცილდება ერთ ქვეყანას და კონტინენტს, მოედება ყველა კონტინენტს.

ჩინეთში კი იკლებს ახალი შემთხვევათა რიცხვი, მაგრამ სიტუაცია მიდის უფრო გავრცელებისკენ. ამიტომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი.

ჩვენ, საქართველოში, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ, რომ გადავდივართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე. ვაძლიერებთ საზღვრებზე კონტროლს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლა, მაგრამ ინფექცია შედის ყველაზე დაცულ ქვეყნებშიც კი. ჯანდაცვის ქსელი არის სრულ მზადყოფნაში, რომ ადეკვატურად უპასუხოს გამოწვევას.

ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს სპეციალური საკარანტინო სივრცეები, შესაბამისი სიმძლავრის საავადმყოფოები, ლაბორატორიები, სამედიცონო პერსონალი და ა.შ. მიმდინარეობს კიდევ მათი უწყვეტ რეჟიმში შევსება“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს საზღვრებზე კონტროლი, მათ შორის წითელ ხიდთთან.

„ლაგოდეხშიც ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ისინი აქტიურად ეხმარებიან მესაზღვრეებს და შემოსავლების სამსახურს. ნებისმიერი შემთხვევისას, როცა ჩინეთიდან, ირანიდან ან სხვა დასენიანებული ადგილიდან შემოდის ადამიანი, ისინი იძახებენ და ერთად მუშაობენ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტის ჩატარების საკითხს, ამირან გამყრელიძე მიმართავს კერძო ლაბორატორიებს, რომლებიც მოსახლეობას ბინაზე მისვლით ტესტის გაკეთებას სთავაზობენ, ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანენ.

„კორონავირუსის ტესტი დამყარებულია ე.წ პისიარ ტექნოლოგიაზე და შესაძლებელია, რომ სხვა ლაბორატორიებმაც გააკეთონ, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები ამისთვის, უნდა მიყვებოდნენ საერთაშორისო გაიდლაინებს და რეკომენდაციებს, როდის და რანაირად უნდა გაკეთდეს ტესტი. დაუშვებელია ის ფაქტი, რომ კერძო ლაბორატორიები ბინაზე მისვლით მოსახლეობას ახალ კორონავირუსის ტესტის გაკეთებას სთავაზობენ. მოვუწოდებ ამ ლაბორატორიებს, ნუ ისარგებლებთ ამ მდგომარეობით და გარკვეული თანხების მიღების მიზნით, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. ნუ დაიწყებთ ასიმპტომური ადამიანების სახლებში სინჯის აღებას. ჯერ ერთი, ვინც ჩვენთან სინჯს იღებს, იმ ადამიანებს აქვთ რამდენიმე კვირიანი ტრენინგი ჩატარებული, როგორი პროტექტიული საშუალებები უნდა გეცვას, როცა სინჯს იღებ, როგორ მუშაობ ადამიანთან, რა ტიპის სინჯარაში უნდა აიღო სინჯი, რამდენ ხანში უნდა მიიტანო. ამას მთელი სტანდარტული ოპერაციული პროცედურა აქვს გაწერილი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, რომელსაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს, ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო თავს ნუ შევირცხვენთ.

ეს არის დაუშვებელი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საფრთხე, აქ პირველ რიგში წამყვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეს არ არის ე.წ. გრიპის კვლევის ტესტები, რომლებიც შეიძლება კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოთ. ეს არის პანდემიის და ეპიდემიის საფრთხე. აქ წამყვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ლაბორატორიები, სადაც ამის დიდი გამოცდილებაა. ჩვენი ლაბორატორია არის აკრედიტირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამიტომ იქ გაცემული ნებისმიერი პასუხი არის საერთაშორისო სტანდარტის, არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა ქვეყანას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო 1tv

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად