გამოძიება და საფეხბურთო კლუბის მფლობელი 8 მილიონს ეძებენ

საფეხბურთო კლუბ "მეტალურგით" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით გამოძიება კლუბის ანგარიშებში 8 000 000 ლარს ეძებს. 

"აიპრესს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ კლუბის ხარჯების კანონიერებას სწავლობენ, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე  არ დაუკონკრეტებიათ  რა ხარჯებზეა საუბარი. 

"აიპრესთან" საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის" მფლობელი კახა მენთეშაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურმა კლუბის 2006 წლიდან 2015 წლის 1 აპრილამდე არსებული იურიდიული და ფინანსური საბუთები მოითხოვეს. მისი თქმით, "მეტალურგს" 8 000 000 ლარი აქვს დავალიანება.

"დიახ, ჩვენ კლუბში ნამდვილად შემოვიდა ფინანსურის საგამოძიებო სამსახური. კონკრეტულად რას გვედავებიან არაფერი უთქვამთ მაგრამ,  კლუბს დიდი დავალიენა აქვს 8 მილიონი ლარი.

2006 წლიდან 2015 წლის 1 აპრილამდე მოითხოვეს ყველანაირი იურიდიული და ბუღალტრული საბუთები. ჩემთვის პირადად არ უთქვამთ მაგრამ, როგორც მივხვდი აინტერესებთ ფედერაციიდან გადმორიცხული თანხები როგორ მიზნობრივად დაიხარჯა".

– რა თანხა ჩაერიცხა ფეხბურთის ფედერაციიდან 2006 წლიდან 2015 წლის 1 აპრილამდე "მეტალურგის" კლუბის ანგარიშზე?

– ფედერაციამ ბოლო დროს ჩარიცხა თანხები. მაგრამ, მარტო ფედერაცია არ ურიცხავდა კლუბს თანხებს, ამ გუნდს  ბევრი მფლობელი ჰყავდა,  რუსთავის მეტალურგიც ინახავდა, თვითონ სს „ფოლადი“, მუნიციპალიტეტიც აფინანსებდა, სხვადასხვა წაყაროებიდანაც ფინანსდებოდა. 

– თქვენი აზრით, ვინ შეიტანა კლუბის წინააღმდეგ საჩივარი საგამოძიებო სამსახურში?

– არ ვიცი. რა გამოლევს… თუ ვინმე ჩვენი კლუბიდან არის და რამე კითხვები აქვს, ჯობდა მოსულიყო და ეკითხა, რადგან მე ნათქვამი მაქვს, თუ რამე გაინტერესებთ მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგცეთქო. არ ვიცი ზუსტად, რა მიზანი ამოძრავებდა იმ პიროვნებას… მე არ ვიცი საჩივარი შესულია თუ არა, ჩემთვის არ უთქვამთ. 

– 8 000 000 ლარი კლუბის რამდენი წლის დავალიანებაა?

– ზუსტად ვერ გეტყვით. წლების დავალიანებაა, საკმაოდ სოლიდური დავალიანებაა. როგორც ვიცი სს "ფოლადი" აფინანსებდა საფეხბურთ კლუბ "მეტალურგს" წლების განმავლობაში. 

– წლის განმავლობა რა თანხას რიცხავდა  სს "ფოლადი"?

– შეიძლება ზუსტი ციფრი ვერ გითხრათ, მაგრამ 1 000 000-დან  1 500 000-მდე. 

– ამ წუთებში ვისი პატრონაჟის ქვეშ არის საფეხბურთო კლუბი?

– ერთ-ერთ დამფუძნებლად მე მოვიაზრები. სანამ ეს 8 000 000 ლარი არ მოცილდება  კლუბის გადარჩენის შანსი არ არის. 

მოლაპარაკება მქონდა  სპონსორთან, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რამდენი გჭირდება იმისთვის, რომ ეს გუნდი აყვავდესო. მე ვუთხარი, 60 ათასი ლარი მინდა მეთქი. სიცილით მოკვდნენ, მითხრეს, აქ ერთ ფეხბურთელს აქ ამდენი ხელფასიო. პირდაპირ მითხრეს, რამდენი გინდათ თანხაო, უკვე 4 ფორმას თავისი ეკიპირებით აკერინებდნენ. ბუცები, სპორტულები, ბოტები, ქუდები. 

თავიდან სპონსორებს რომ შევხვდით არ მითქვამს 8 000 000 ლარი დავალიანების შესახებ. თუმცა, მეც არ ვიცოდი წესიერად. 

– ვისთან გქონდათ შეხვედრა, ვინ იყო სპონსორი ვისთანაც ერთად თქვენ აპირებდით თანამშრომლობის გაგრძელებას?

– მოსკოვიდან იყვნენ, შოკოლადების ქარხანა "ბოგატირი". ეს შოკოლადები 2010 წლიდან შემომქონდა საქართველოში. ანუ, ამის მფლობელები… თან მინდოდა მოსკოვის "დინამოს" ფანკლუბად გამეკეთებინა.  იყო კონტაქტები, მათი მეშვეობით, მინდოდა… 

70 მილიონი აქვს მოსკოვის "დინამოს" ბიუჯეტი, ისინი გვაფინანსებდნენ, პლუს ამას ისინი თუ მოგვკიდებედნენ ხელს… 3-ჯერ დამირეკეს, ვუთხარი, რომ პრობლემები იყო. ჩემები იყვნენ და შეცდომაში ვერ შევიყვანდი. ჩემებიც რომ არ ყოფილიყვნენ როგორ შეიძლება ასეთ საქმეში ვინმეს მოტყუება? დეკემბერში სკაიპით ვუთხარი 8 მილიონი ლარი დავალიანების არსებობის შესახებ, იქ დამთავრდა ყველაფერი. 

ჩვენი ურთიერთობა 2014 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. საქართველოში 5-ჯერ იყო ჩამოსული. გორშიც დაესწრო ერთ-ერთ თამაშას, რუსთავის სტადიონის შესყიდვაზეც იყო საუბარი მაგრამ, 8 მილიონმა  ყველა გაგვჭედა.

ვფიქრობ, რომ საფინანსო საგამოძიებო სამსახურის შემოსვლა კლუბში კარგია. ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, რამდენად რეალური იყო ეს 8 000 000 ლარი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს 8 000 000 ლარი მოვაცილოთ კლუბს, მერე შეიძლება რაღაც თემებზე საუბარი. წყალწაყებული ხავსს ეჭიდებოდაო, აი ამ იმედით ვარ უკვე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად