გამნაღმველი ძაღლებით სამხედრო-საინჟინრო სწავლება ჩატარდა

საინჟინრო ბრიგადის ერთ-ერთ ბაზაზე არაგეგმური საჩვენებელი სწავლება გაიმართა. საველე-საჩვენებელ წვრთნაში საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი, საბრძოლო მასალის განადგურების (EOD) ასეული კინოლოგთა ოცეულის დახმარებით მონაწილეობდა. 

სხვადასხვა ამოცანების შესრულებაში სამხედრო მოსამსახურეებმა ოთხი გაწვრთნილი გამნაღმველი სამხედრო ძაღლი გამოიყენეს. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გამნაღმველების სამუშაო ურთულესი და სახიფათოა, თუმცა კვალიფიკაცია და აღჭურვილობა, რომელიც მათ გააჩნიათ, სრულად იძლევა საშუალებას, რომ შეძლონ ამოცანის უსაფრთხოდ შესრულება. ტექნიკურ საშუალებებთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდ დახმარებას უწევენ ძაღლები, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან პატრონებს. წვრთნები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ჩვენი მესანგრეები იწვრთნებიან იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც არსებობს საომარი მოქმედებების თეატრსა თუ რეგიონში. მათ მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვთ მიღებული ტერიტორიების განაღმვაში. ასევე, აქვთ უნარი, განახორციელონ ე.წ. იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მოძიება და განაღმვა. რა თქმა უნდა, ამაში მათ ავღანეთში მიღებული გამოცდილება ეხმარება“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საჩვენებელი წვრთნის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, საეჭვო ნივთებისა და სხვა ტიპის ფეთქებადსაშიში მასალების გრუნტზე და სხვადასხვა ტიპის ტექნიკაში აღმოჩენის და დისტანციურად, უსაფრთხო ადგილას გადატანის დემონსტრირება განახორციელეს. საჩვენებელი სწავლება 5 სხვადასხვა სასწავლო უბანზე განხორციელდა.

წვრთნების დაწყებამდე საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი, საბრძოლო მასალის განადგურების ასეულის სრული სამხედრო აღჭურვილობის და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. სტუმრები დეტალურად გაეცნენ სპეციალურ ტექნიკას და საინჟინრო ბრიგადის აღჭურვილობას. ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის პროექტის „საქართველო IV“-ის ფარგლებში საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის ტრენინგების ჩატარება და აღჭურვილობის მიწოდება პერმანენტულად ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად