„გახსნილი წრე“ საქართველოს ნაციონალური პავილიონი პრაღის კვადრიენალეზე

6-16 ივნისს სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმი პრაღის კვადრიენალე ჩატარდება, სადაც საქართველო ნაციონალური პავილიონით მეოთხედ წარდგება. ექსპოზიციას „გახსნილი წრე“ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი წარადგენს. ინფორამციას განტლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამიმისტრო ავრცელებს.

საქართველოს ნაციონალური პავილიონი „გახსნილი წრე“ ქმნის არტ- ტერიტორიას, რომლის მთავარი იდეაა ომისა და ომისშემდგომი ტრავმული საზოგადოების მდგომარეობაზე შემოქმედებითი რეფლექსიები. საქართველოს ნაციონალურ პავილიონში წარმოდგენილი იქნება სამი თაობის რეჟისორსცენოგრაფების ნამუშევრები, რომელთა შემოქმედება ეტაპობრივად არღვევს მე-20 საუკუნის ლოგოცენტრული თეატრის კლიშეებს, ტრანსფორმაციას განიცდის ახალი გამომსახველობის ძიებაში და 21-ე საუკუნის ათიანი წლების მხატვრულ ნარატივს ქმნის. პავილიონის წრიულ ინსტალაციაში ეკრანებზე სპექტაკლების ვიდეოკლიპები იქნება ნაჩვენები – რეჟისორების დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“ და „ტარტიუფი“, ნიკოლოზ საბაშვილის„საქართველო“, გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ და „ანტიმედეა“, დათა თავაძის „ტროელი ქალები“ და სცენოგრაფ შოთა ბაგალიშვილის „დიდი შესვენება“.

პრაღის კვადრიენალე არის სცენისა და პერფორმანსის დიზაინის სფეროში უდიდესი მსოფლიო ფორუმი, რომელიც 1967 წელს სცენოგრაფიის, თეატრალური არქიტექტურისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო მიღწევების ექსპონირებისთვის დაარსდა. იგი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი უმვნელოვანესი ნაწილია „ქვეყნებისა და რეგიონების სექცია“, რომელშიც 2019 წელს 79 ქვეყანა მონაწილეობს.

2019 წლის კვადრიენალეს მთავარი თემაა „ტრანსფორმაცია“ და მოთხოვნადია მონაწილე ქვეყნების კლასტერული გაერთიანება. აუცილებელი პირობაა უკედლო, ღია სივრცეში ყოველი ქვეყნისთვის განკუთვნილ 25 მ/კვ ფართზე ექსპოზიციების შექმნა, რომლებიც ეხმიანებიან ერთმანეთს. ამ პირობის გათვალისწინებით საქართველო გაერთიანებულია სომხეთთან და უკრაინასთან ერთ კლასტერში. უკრაინის პავილიონი წარმოადგენს სადისკუსიო სივრცეს, სადაც სხვადასხვა თემატური შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართება.

კვადრიენალეს ფარგლებში განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის OISTAT-ის მსოფლიო ფორუმი და სხვადასხვა თემატური სექციების/კომისიების სამუშაო შეხვედრა, რომლებშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება პრაღაში, ინდუსტრიულ სასახლეში გაიმართება.პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საელჩო პრაღაში დასადაზღვევო კომპანია „არდი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად