“გახარიას ფრაზაში-არავის ვებრძვით, სააკაშვილი და ივანიშვილი იგულისხმება“ – ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ სწორი პოლიტიკური სტრატეგია აირჩია, როდესაც ის არც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება და არც სააკაშვილს. პოლიტოლოგის აზრით, მან სამიზნეებად მთავარი პოლიტიკური პარტიების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეორე ფიგურები – ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია აირჩია.

გიორგი გახარიას გადაცემა „რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუსა და გამოხმაურებების შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

_ ისევ თავშეკავებული იყო გახარია, მაგრამ იმაზე მეტი თქვა, რაც აქამდე უთქვამს. დაიწყო კარტების გახსნა?

_ არ მგონია, რომ გახარიამ კარტების გახსნა დაიწყო. ჩემი აზრით მას სწორად ჰქონდა შერჩეული, რა პოზიცია დაეკავებინა. მას არაფერი უთქვამს პრინციპული ივანიშვილზე. თქვა, რომ არ ვაღმერთებო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.

_ თუმცა მინიშნებები ხომ იყო? ახსენა ფრაზა „უხილავი ხელი“. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

_ კი იყო. ის ხაზს უსვამდა, რომ ჩემთან მიმართებაში არ ყოფილაო, თუმცა „ღვთის ხელი“ რომ არ იყო გასაგებია, ლაპარაკია ივანიშვილზე, მაგრამ ძირითადად მაინც ერთ მხარეს იყო მელია და მეორე მხარეს კობახიძე. საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილიც და სააკაშვილიც მისი სამიზნეს მიღმა აღმოჩნდნენ. არადა რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილია და „ქართული ოცნება“ – ივანიშვილი. საუბარი იმაზე, რომ კობახიძეს შეუძლია, რომ მართლა მან გადაწყვიტოს ან მელიას, ეს გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში საქმის კურსში უნდა იყვნენ მთლად უფროსები

_ რამდენად სწორია მისი ეს სტრატეგია?

_ როდესაც ვამბობ, რომ მან რიგით მეორე პირებზე გააკეთა აქცენტი, აქ პერსონები კი არ მაქვს იმდენად მხედველობაში, არამედ ის, რომ თავად ამომრჩეველი არ თვლის, რომ კობახიძე არის პარტიის თავმჯდომარე და თვლის, რომ უფრო დიდია ივანიშვილი. ანუ ივანიშვილს აღიქვამს და არა კობახიძეს. ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობას“ კი არ აღიქვამს თავმჯდომარედ, არამედ სააკაშვილს, გნებავთ ლიდერად, ყოველ შემთხვევაში პირველ პირად. მას უჭერენ მხარს და არა კობახიძეს.

ამიტომ გახარიამ სწორი აქცენტი გააკეთა, როდესაც ცალკეულ პიროვნებებს შეეხო, მაგრამ არ შეეხო მათ, ვის მიმართაც შესაძლოა ამომრჩეველი ძალიან კრიტიკული ყოფილიყო. შესაბამისად მან დატოვა ლუფტი ორივე მხარეს, ანუ ამომრჩევლისთვის მისი გამოსვლა გამაღიზიანებელი არ ყოფილა. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ მას ორივე მხარე ურტყამს, გამოდის, რომ მას ორივე მხარე მესამე ძალად აღიარებს. ეს რა თქმა უნდა აწყობს გახარიას, ამიტომაც ვთვლი, რომ სწორი ტაქტიკა აირჩია.

იქ ბევრ ნიუანსზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რაღაც გახსნილი აღმოჩენები გაგვეკეთებინა, ეს არ ყოფილა. არც ის მგონია შემთხვევითი იყოს მისი ფრაზა, რომ არავის არ ვებრძვით და საქართველოსთვის ვიბრძვითო. არავის არ ვებრძვით, როგორც ჩანს ივანიშვილი და სააკაშვილი იგულისხმებოდა. იმიტომ, რომ მელიასაც დაარტყა და კობახიძესაც.

_ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ასოცირდება ირაკლი კობახიძესთან ზუსტად კობახიძეს დაარტყა გახარიამო. ამაზე რას იტყოდით?

_ მამუკა მდინარიძისთვის შესაძლოა კობახიძესთან ასოცირდება, მაგრამ რიგითი ამომრჩევლისთვის კობახიძესთან ნამდვილად არ ასოცირდება და არც მგონია ვინმესთვის ასოცირდებოდეს „ოცნება“ კობახიძესთან, მდინარაძის და თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა.

იცით რაშია საქმე? ყველაფერი შეიძლება თქვა ადამიანმა, მაგრამ ის, რომ კობახიძესთან არ ასოცირდება, თავისთავად გამოჩნდა. თუნდაც, როდესაც უხილავ ხელზეა ლაპარაკი და გასაგებია, რომ უხილავი ხელი კობახიძე არ არის.

_ კობახიძეზეც პირდაპირ ილაპარაკა გახარიამ და კურდღელიც კი უწოდა.

_ კი ბატონო გასაგებია.

_ გახარიას სტრატეგია ამომრჩევლის თვალსაზრისითაც იქნება შედეგის მომტანი?

_ პირველ ეტაპზე ამოცანაა, რომ ამომრჩეველი არ დაუპირისპირდეს. იცით რაშია საქმე? სულ ამბობენ, რომ გახარიას აქვს რეიტინგი, მაგრამ ეს რეიტინგი არ არის იმხელა, რომ შემოსვლისთანავე მას იმის საშუალება ჰქონდეს, რომ ყველას დაუპირისპირდეს, ამიტომ ის ტაქტიკურ ლავირებას აკეთებს და სწორადაც, როდესაც ის რიგით მეორე ფიგურებს ებრძვის. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მდინარაძემ თუ სხვებმა, ერთიანი აზრი არ არის, რომ თავმჯდომარე აქეთ კობახიძეა და იქით მელია. მელიასთან დაკავშირებით ეს მარტივად დამტკიცდა, რომ მაინც კიევში ჩავიდნენ. კობახიძე რამდენად დაუკავშირდა ივანიშვილს ეს არ ვიცი, მაგრამ ეს იგრძნობა.

_ კობახიძის ხელი იგრძნობოდა ივანიშვილის წერილში და პირიქით ხომ არ გამოჩნდა?

_ არ ვიცი კობახიძის ხელი იგრძნობოდა თუ რა. ღია კომუნიკაცია არ ყოფილა, მაგრამ ირიბი კომუნიკაცია იყო. ივანიშვილი, რომელიც იფიცება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ფაქტობრივად დაბრუნდა პოლიტიკაში.

_ ამ წერილმა ეგ დაამტკიცა?

_ კი, აბა სხვა რა უნდა დაემტკიცებინა წერილს?!

_ ვხედავთ, რომ ფრონტის ხაზი გაუხსნა „ოცნებამ“ გახარიას. ასეთი საშიშია მმართველი პარტიისთვის, კალაძე არ ჩანს მთელ ამ პროცესში და რატომ?

_ ბოლოდან დავიწყებ, თუ დააკვირდებით 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე კალაძეს ყოველთვის ეკავა მაღალი თანამდებობა, ასეთი ფიგურა სხვა ვინც 2012 წლიდან „ოცნებაშია“ და ასეთი მაღალი თანამდებობა ეკავოს, ასეთი თითქმის აღარ შემორჩა. კალაძე ერთადერთია, რომლის მიმართაც პრესას და არასამთავრობო სექტორსაც ყველაზე ნაკლები პრეტენზია აქვს. თან ინარჩუნებს მაღალ პოსტებს და თან ყველაზე ნაკლები პრეტენზიებია მის მიმართ.

4 წელია თბილისის მერია და ალბათ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თვალი რომ გადაავლოთ მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, ნახავთ რომ მინიმუმია. ეტყობა ამ კაცს აქვს ფარული ნიჭი თუ არ ვიცი რა, რომ თან მაღალი თანამდებობა შეინარჩუნოს და თან იყოს ანგარიშგასაწევი ძალა და თან ყოველდღიურ პოლემიკაში არ ჩაერთოს. ძალიან იშვითად გაურბის სიტყვა.

_ თუმცა, ის ყოველთვის იყო ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამორჩეული თავისი რიტორიკით.

_ ერთადერთი მთაწმინდიდან გამოქანებაზე მახსენდება და არ ვიცი რატომ მოუვიდა მაშინ.

_ სააკაშვილზე და „ნაცმოძრაობაზე“ ხშირად აკეთებს ხოლმე მწვავე განცხადებს, შესაძლოა ეგეთი ფორმით არა, რაც თქვენ ახსენეთ, მაგრამ მოგვისმენია მისგან ეს. ახლა რატომღაც თავშეკავებულია და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ გახარიასთან თანამშრომლობისთვის ხიდებს არ წვავს? ანუ, ის მაინც ხომ არ ფიქრობს „ოცნებიდან“ წასვლაზე?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. მე ბოლო პერიოდზე არ მაქვს მხოლოდ ლაპარაკი, როცა კალაძეს ვაფასებ. ამ კაცს აქვს ამის უნარი. ვერ ვიტყვი, რომ კალაძით „ნაცმოძრაობა“ აღფრთოვანებულია. საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს, მაგრამ თითქმის არასდროს არ ღალატობს ზომიერება. შესაძლოა გახარიასთან არ აქვს კონფლიქტი, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართაც არ გამოირჩევა. გახსოვთ ნარმანიას დროს რა ხდებოდა?!

_ ფაქტია, რომ რაღაცები მართლაც გააკეთა მერობისას, თუმცა კორუფციასთან დაკავშირებით აქვს ხოლმე პრეტენზიები ოპოზიციას.

_ მე ვამბობ იმას, რომ კალაძეზე არ ყოფილა ისეთი შეტევა, რაც მაგალითად თავის დროზე ნარმანიაზე იყო. არა მარტო თბილისის ერის პოსტზე, არამედ მანდამდეც, როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი. ამიტომ ვამბობ, რომ როგორც ჩანს, აქვს უნარი, რომ თავი ისე დაიჭიროს, რომ მის მიმართ არ იყოს ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება. თანაც თუ გახსოვთ გამოკითხვაში კალაძე ნომერ მეორე იყო გახარიას შემდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ კალაძის ქცევები ამოვარდნილი იყოს მისი ზოგადი მიდგომებიდან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...