“გახარიას ჯიბეში უდევს ბომბები და შეუძლია რიგრიგობით ააფეთქოს” – ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია. დაარღვია „ოცნების“ მმართველობის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რეიტინგული პრემიერის გიორგი გახარიას მისამართით პირდაპირ „ცეცხლის გახსნით”. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც 3 თვის წინ გადამდგარი პრემიერი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

გახარია ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს და ისევ ჯიუტად აცხადებს, რომ პოლიტიკაში არავის წინააღმდეგ არ არის. სამაგიეროდ მოქმედებებზე გადადის და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

რა გავიგეთ ივანიშვილის განცხადებით – „ცეცხლი“ გაუხსნა გახარიას თუ თამაშის ნაწილია? რას ნიშნავს გახარიას პასუხი და რამდენად შესწევს გახარიას იმის უნარი, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დაასრულოს? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს:

_ ბიძინა ივანიშვილმა „დაარტყა“ გახარიას, თუმცა გხარია საპასუხო დარტყმებისგან ისევ თავს იკავებს. თქვენი შეფასებით რას ნიშნავს ივანიშვილის წერილი – მართლა გაუხსნა „ოცნებამ“ ცეცხლი გაუხსნა გახარიას გუნდს თუ ეს მაინც თამაშის ნაწილია?

_ მესმის თქვენი – ჟურნალისტების უნდობლობა, რადგან საქართველოში ვცხოვრობთ და დღეს რომ ორშაბათია ესეც კი ძნელი დასაჯერებელია და ამაშიც კი შეიძლება ვინმემ ეჭვი შეიტანოს. ყველაფერი ეჭვის ქვეშ დგას, მაგრამ ისეთი ბრალდებები გაისმა ივანიშვილის მხრიდან. გახარიას დააბრალა ქვეყნის ღალატი. ისეთი ბრალდებაა, რაც სამუდამო პატიმრობას გულისხმობს.

ჩვენ ვცხოვრობთ კითხვის ნიშნების ქვეყანაში და ჩემში დიდი კითხვის ნიშანი იცით რა არის? 3 თვე რატომ დუმდა ივანიშვილი? თუნდაც გახარიას პარტიის პრეზენტაციის შემდეგ.

_ როგორ ფიქრობთ რატომ?

_ არ ვიცი, ეს კითხვის ნიშანი მაქვს. როგორც ჩანს არ უნდოდა გახარიასთან ურთიერთობის გამწვავება. მე ასე მგონია და უბრალოდ „ოცნების“ ლიდერებმა აიძულეს.

_ კობახიძემ აიძულა?

_ კობახიძემ ისე ვერა, უფრო შეიძლება ღარიბაშვილმა. არა მგონია ივანიშვილთან მაგხელა გავლენა ჰქონდეს კობახიძეს.

_ სწორედ კობახიძისგან იყო გაჟღერებული ის მწვავე განცხადებები, რაც ივანიშვილმა გაიმეორა თავის წერილში.

_ კი, კობახიძის იყო, მაგრამ ივანიშვილთან უშუალო გასვლა პრემიერს უფრო ხელეწიფება.

_ ისიც ფაქტია, რომ გახარიას კრიტიკაში პრემიერი უფრო თავშეკავებულია.

_ მე უფრო მეტად გახარიას პასუხმა დამაფიქრა, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართო. ეს პოლიტიკოსის განცხადება არ არის. შემოდიხარ დიდ პოლიტიკაში და იბრძვი გამარჯვებისათვის, რაც ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა დაამარცხო. ასეთი განცხადება ვიცი, როდესაც ჯორჯ მარშალმა გააკეთა ასეთი განცხადება 1947 წლის აპრილში, როდესაც მარშალის გეგმა გამოაცხადა. მაშინ თქვა, რომ ეს გეგმა არავის წინააღმდეგ არ არის და ეს არის მხოლოდ შიმშილის უმუშევრობის და ნგრევის წინააღმდეგო. გახარია იმასაც არ ამბობს, რომ შიმშილის და უმუშევრობის წინააღმდეგ ვარო.

_ კორუფციის წინააღმდეგ ვარო, მაგას ამბობს.

_ ეგ ლაპარაკში, მაგრამ პოლიტიკურად არავის წინააღმდეგ ვარო. მაშინ არ უნდა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეგ პოლიტიკოსის განცხადება არ არის.

_ იმის თქმა გინდათ, რომ პოლიტიკური გამოცდილება აკლია?

_ არა, გამოცდილება კი არ აკლია, პოლიტიკოსი არ არის. საერთოდ პოლიტიკოსი არ გვყავს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ პოლიტიკოსს ქართულ პოლიტიკაში.

_ როგორც ოპოზიციაში პოლიტიკოსები არ არიან? გიგა ბოკერია ან გიგი უგულავა პოლიტიკოსები არ არიან?

_ არცერთი პოლიტიკოსი არ არის, ეგენი არიან ოპოზიციონერები. პოლიტიკოსი სულ სხვაა.

_ არც სააკაშვილი?

_ მიშა არის, კი. შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი.

_ არც ბურჯანაძე არ არის?

_ შესაძლოა ბურჯანაძე უფრო იყოს პოლიტიკოსი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და რაც მთავარია განათლება აქვს. მე განათლებით ვგულისხმობ. სხვებს განათლება არ აქვთ.

_ როგორ, გიგა ბოკერიას განათლება არ აქვს?

_ სპეციალურ განათლებას ვგულისხმობ. ნაკითხი რომაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპეციალური განათლება აქვს.

გახარიას რომ დავუბრუნდეთ, იყო ერთი კითხვის ნიშანი, ვინ არის გახარია. ივანიშვილმა ეს კითხვის ნიშანი თითქოს გააქრო, მაგრამ დაბადა მეორე კითხვის ნიშანი. გახარია არის პოლიტიკოსი? გახარია თუ მართლა პოლიტიკოსია და საომრად შემოდის

ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი რუბიკონი და თავის დროზე შევარდნაძემ ის რუბიკონი რამდენჯერმე გადალახა. როდესაც ცეკას მდივანი იყო და შემდეგაც. მიშამაც გადალახა, როდესაც ბრონის ჟილეტით შევარდა პარლამენტში. გახარიამ ახლა უნდა მოხსნას გუდას თავი. სხვა ასეთი შანსი გახარიას აღარ ექნება. ერთი და ორი  თვის მერე „ოცნება“ პირდაპირ ქუჩის ლანძღვაზე თუ გადავა და მერე დაიწყებს გახარია სიმართლის ლაპარაკი, რომ ბრძანება ამან მომცა და იმანო, ეფექტი აღარ ექნება. სიმართლე ვთქვათ, გახარიას რომ კომპრომატები აქვს „ოცნებაზე“, ვის აქვს იმდენი? – არავის. შესაძლოა, რუსეთის კაგებეს აქვს. გახარიას ჯიბეში უდევს პატარა და დიდი ბომბები. მას შეუძლია ეს ბომბები რიგრიგობით ააფეთქოს.

_ ამ კომპრომატებით ხომ არ აშანტაჟებს „ოცნებას“, რომ ზღვარს არ გადავიდნენ?

_ დღეს რაც იყო, ამაზე მეტი აღარ ვიცი. მერე გახარიას მიმართ იქნება პრეტენზიები. როგორც ივანიშვილზე ვამბობ, რომ 3 თვე რატომ არაფერი თქვა თუ მოღალატე იყო გახარია. მერე უკვე გახარიას ეტყვიან, რომ რატომ არაფერი თქვი აქამდეო. პოლიტიკაში მომენტის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

_ ამბობთ, რომ გახარიას ბომბები აქვს. ივანიშვილის განცხადება გახარიას მოღალატეობასთან დაკავშირებით საფუძველს ხომ არ ქმნის ვთქვათ, რომ გახარიას აფრთხილებენ, არ ამოიღოს ხმა, თორემ მის წინააღმდეგ სწორედ ქვეყნის ღალატის მუხლით აღძრავენ საქმეს?

_ საქმეც მაგაშია, რომ ვერ აღძრავენ. გახარიას შეუძლია ამ ბომბების გამოყენება, მაგრამ „ოცნების“ ლიდერებს არ შეუძლიათ. მაშინ საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, კი მაგრამ თუ იცოდით, რომ ეს კაცი მოღალატე იყო, წელიწადნახევარი პრემიერად როგორ გყავდათ ან მანამდე შს მინისტრად?

_ როგორც თავად ამბობენ, მათთვის ეს ცნობილი თებერვალში გახდა.

_ მაშინ აქ კითხვა ჩნდება: მაშინ თქვენ ვინ ყოფილხართ, სანამ კაცმა თავისი მოქმედებით თავად არ თქვა, რომ მოღალატეა, თქვენ ვერ მიხვდით?! მაშინ თქვენ კადრებს როგორ არჩევთ?! თანაც აქ საუბარი სამმართველოს უფროსის კადრზე ხომ არაა?! აქ საუბარია შს მინისტრზე და უფრო მეტიც პრემიერის კადრს.

_ გია ხუხაშვილმა თქვა, რომ გახარიას „ოცნება“ „ჩაუდებს“ სააკაშვილსაც და რუსეთსაცო. სააკაშვილთან გააიგივეს უკვე და რუსეთის კონტექსტიც ხომ არ გაჩნდება და მოღალატის იარლიყის მიწებება ამის წინაპირობა ხომ არ არის?

_ ყველაფერი შეიძლება „ჩაუდონ“, მაგრამ ეფექტი არ ექნება. მე ადრე თქვენთან ინტერვიუშიც ვთქვი, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური სრული კომფორტისთვის პატიმრობა სჭირდებოდა და გაუკეთეს ეგ საჩუქარიც, როდესაც გახადეს პოლიტპატიმარი. ახლა გახარიას სჭირდება, რომ მართლა „ჩაუდონ“ რაღაცა, რათა თქვას, რომ არც ახლა დაიჯერებთ, რომ დამოუკიდებელი ვარო?! ჩვენთან ხომ ასეა, რომ რაც უფრო მეტად ჩაგრავენ ადამიანს, მით მეტია მისდამი სიმპათია. ჩვენთან მორწმუნე თომები უფრო ურწმუნოები არიან, ვიდრე ნეტარ მორწმუნეები. როდესაც ხალხს ეკლესიის და პატრიარქის აღარ სჯერა, ვინ დაიჯერებს იმას, რასაც გახარიაზე იტყვიან.

რუსეთის იარლიყს ვერ მიაწებებენ გახარიას. იმიტომ რომ მაგის ბიოგრაფია ზეპირად იცოდნენ. თვითონ გია ხუხაშვილმა ყველაზე კარგად იცის და ხუხაშვილის კადრია. ჩემთან აგარაკზე მოყვა ხუხაშვილი, როგორ გააცნო ივანიშვილს გახარია, როდესაც ის დანიშნეს ბიზნესომბუდსმენად. გარდა მაგისა, რომელი ქართველი მოსკოვში რას აკეთებს, ეგ არ იცოდა ბიძინამ?!

_ გამორიცხავთ, „ოცნებამ“ თავისი პიარკამპანიის ამ გზასაც რომ მიმართოს?

_ მიმართავს, მაგრამ დამაჯერებელი არ იქნება და ეფექტი არ ექნება. „ოცნებამ“ ისიც თქვა, რომ მიშასთან ერთად შეთქმულებას ამზადებდაო, მაგრამ ასე არ ხდება შეთქმულება და ვინ დაიჯერებს ამას?! ერთი კაცი როგორ მოამზადებს შეთქმულებას?!

გახარიას თავი თუ გადადებული აქვს ბარიკადებზე ასასვლელად, მაშინ ის გუდას მოხსნის და ბევრ რაღაცას ილაპარაკებს. შესაძლოა მან ცოცხებზე უარესი კომპრომატებიც კი დადოს. იმიტომ, რომ საქართველოში კი არა, ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის – ნორვეგიის პრემიერიც რომ გადადგეს, ისეთ კომპრომატებს დადებს მთავრობაზე, ამომრჩეველი ყურებზე დადგება. აღარაფერს ვამბობს იტალიასა და საფრანგეთზე.

_ ამბობთ, რომ გახარიას რეალურად შეუძლია „ოცნების“ ხელისუფლების დასრულება?

_ რასაკვირველია შეუძლია. „ოცნებას“ ეშინია, რომ გახარია ხმებს წაართმევს. იცის, რომ ხალხი უკმაყოფილოა და თუ გახარია გადავა რუბიკონს… ივანიშვილმა ისეთი ბრალდება წაუყენა ივანიშვილმა მას, რომ გახარია კუთხეშია მიმწყვდეული. მან უფრო დიდი ბრალდებით უნდა დაუბრუნოს უკან. რუბიკონი უნდა გადალახოს. ან კიდევ დღეს როგორც გააკეთა განცხადება, უხერხული განცხადება, რომ სიმართლე გაირკვევაო. როგორ გაირკვევა სიმართლე?!

_ ანუ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გუდას თავს მოხსნის, მაშინ რეალური შანსი აქვს „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების?

_ თუ მოხსნის, ზოგი დაიჯერებს, ზოგი არა და ვინც დაიჯერებს, ის რაოდენობა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 5-6% აიღოს. ეს მისთვის საკმარისი იქნება, ხოლო „ოცნებისთვის“ ეს ხარაკირი იქნება იმ ვითარებაში, როდესაც 43% სჭირდება მას. ეს რომ ასე არ იყოს, ფეხებზე დაიკიდებდა გახარიას და ყურადღებას არც მიაქცევდა არც ივანიშვილი და კობახიძეც თავს არ მოიკლავდა ეგზოტიკური ბრალდებებით, რომ გვირაბებს თხრიდა და მტრედებს უშვებდა და ასე ჰქონდა კავშირი მიშასთან.

რასაკვირველია რეალურად ეშინიათ გახარიასი და დღეს ყველაფერი გახარიაზეა დამოკიდებული. არის გახარია პოლიტიკოსი? – თუ პოლიტიკოსია, როგორც მიშა შევარდა პარლამენტში თავის დროზე, შევარდნაძეც რამდენჯერმე ავიდა ბარიკადებზე, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მისი გადადგომა მაშინ ბომბი იყო. მოსკოვში ვიყავი მაშინ და მთელი მეტრო მაგაზე ლაპარაკობდა. თუ ის გუდას თავს არ მოხსნის, 1-2%-ს აიღებს და მორჩა.

_ და როგორც პოლიტიკოსი საბოლოოდ დამთავრდება?

_ რასაკვირველია, როგორც პოლიტიკოსი საბოლოოდ გაქრება. ამიტომ, ნელ-ნელა მარტივდება სიტუაცია. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდესო და ესეც ნელ-ნელა ირკვევა. პარტიის ღალატი გასაგებია, ეს ბევრმა გააკეთა, მაგრამ არავისზე არ თქმულა ქვეყანას უღალატაო. იბადება კითხვა: თქვე დალოცვილებო, ან დაზვერვა არ გყავთ, ან თქვენი აგენტურა არ გყავთ, რომ წელიწადნახევარი მოღალატე გყავდათ პრემიერ-მინისტრად?! ძალიან სარისკო ბრალდებაა, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. გახარიას წასვლა „ოცნებისთვის“ სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, პანდემიაზე უფრო მოულოდნელი და საშიში გახდა გახარიას წასვლა მმართველი პარტიისთვის.

რას იზამენ „ჩაუდებენ“ თუ რას იზამენ არ ვიცი. გია ხუხაშვილი ჩემზე უკეთ იცნობს სამზარეულოს. ბოლოსდაბოლოს იმ სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი მზარეული იყო თავის დროზე.

_ შეიძლება შეფმზარეულიც კი.

_ შეფი თუ არა, შეფის პირველი მოადგილე იყო. მაგან უკეთესად იცის. მე იქ მზარეული არ ვყოფილვარ და არც იმ სუფრაზე არ ვმჯდარვარ არასოდეს. ღმერთმა დამიფარა ამისგან.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...