გახარია: ვიდრე პოლიცია სპეცაღჭურვილობას გამოიყენებდა, მათ თავდამსხმელებმა 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს

“პოლიცია ვიდრე სპეცაღჭურვილობას გამოიყენებდა, პოლიციელებს თავადმსხმელებმა 300 -ზე მეტი ფარი გასტაცეს, 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, რომელთა მდგომარეობა ბოლომდე არ იყო ცნობილი.”

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტში განაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრები ფრაქციების ფორმატში კითხვებს უსვამენ.

როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, 20 ივნისის აქცია იყო მშვიდობიანი, თუმცა რაღაც მომენტში ძალადობრივი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ამ დროს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, ის მოთმინების რეჟიმში იყო.

„დავიწყებ ჩემი პოლიტიკური შეფასებით: ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმით აღება. სხვა საკითხია გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხია რა შედეგებით დასრულდება გამოძიება. აქ დრო ალბათ კიდევ საჭიროა, თუმცა ფაქტები არის შემდეგი, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი. ამ აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო დახლოებით 10 საათისთვის, როდესაც პოლიციას ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების. მიუხედავად ამისა, პოლიცია დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში, იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალებები, თავიდან აეცილებინათ ფიზიკური დაპირისპირება და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ არ ყოფილა ისეთი ფაქტი და ვერც ერთ კაცს ვერ მაჩვენებთ, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინათ პარლამენტის შენობა.

რაღაც მომენტში, მასირებული, ორგანიზებული ჯგუფების მიერ, რამდენიმე მხრიდან შტურმი, შეტევა ხდებოდა პოლიციაზე თანმიმდევრულად და შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში, აღჭურვილობაშიც კი არ ჰქონდა რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას, ამ ორასაათნახევრის განმავლობაში, პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი. ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება და მათ სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ თავდაცვის საშუალების. 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან და მათი მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად