გახარია: ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ვიქონიოთ ყველა პარტნიორთან რეგიონში

საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას.

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება.
საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად