გახარია: უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში, ქართული ბიზნესია

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები.

სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს. თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი.

ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევები, რომლებზეც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5%-ზე მეტი და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც.

კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 80%-იანი ზრდა, თუმცა, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს.

კარგი გვაქვს მონაცემები ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ციფრმა გადააჭარბა 9 მილიონს და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ტურიზმის სააგენტოს ანგარიში და გეგმები მოვისმინოთ.

დღეს ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები – მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი მზად არიან უმასპინძლონ სტუმრებს და ტურისტებს საქართველოდან.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და გვაძლევს შესაძლებლობას გავააქტიუროთ ის აქტივები, რაც აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თვის განმავლობაში მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად