გახარია: სიცრუეა, დათვის ტყვიები არ გამოგვიყენებია, დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“როდესაც ხარ პოლიციელი და შენ გვერდით მყოფი ასევე პოლიციელის სიცოცხლეა საფრთხეში, რა თქმა უნდა მათ რეზინის ტყვიის გამოყენების უფლება კი არა, ვალდებულება ჰქონდა. რეზინის ტყვია, რომელიც მათ აღჭურვილობა ჰქონდათ, სრულად შეესაბამება საერთაშორისო ნორმას. ეს ის სტანდარტული აღჭურვილობა, რომელიც მათ აქვთ”, – განაცხადა გახარიამ.

წამყვანმა მას შეახსენა გამოყენებული ტყვიებით დაზარალებული ადამიანები, მაგალითად კი დავით გრიგორიანი მოიყვანა, რომელსაც თავის ქალას უმძიმესი ტრავმა აქვს მიღებული. რაზეც შს მინისტრი პასუხობს:

“მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. დიახ, დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს. მას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს, როდის, სად რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, ეს გამოძიების საგანია. როდესაც ვიღაცა ლაპარაკობს დათვის და კიდევ რაღაცის ტყვიებზე, ეს არის სიცრუე. ტყუილია. ინსტრუქციაში წერია, რომ მისი გამოყენება შეიძლება 10 მეტრიდან, ხოლო შს მინისტრის ბრძანებით ჩვენს პოლიციელებს მითითება აქვთ, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...