გახარია: ქვეყანაში დემოკრატიის ძირითადი ფასეულობები დაცული იქნება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო იოჰანეს ჰანს თბილისში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც დაიწყო სასწავლო წელი და საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს, ევროპულ სკოლას. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დამადასტურებელი კონკრეტული შედეგი, რომლის განხორციელებაშიც კომისრის პირადი წვლილი ძალზე დიდია. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქმედებებისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, საქართველოში გვქონდეს ევროპული დონის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პირველ რიგში, განავრცობს ჩვენს ახალგაზრდებში ევროპულ ფასეულობებს.

დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების, ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი, უვიზო რეჟიმი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო მხარეს. აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მანდატი გავრცელდეს მთელს ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების საბაზისო უფლებების დაცვასა და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ ქვეყანაში დემოკრატიის საბაზისო, ძირითადი ფუნქციები, მათი ფასეულობები დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები და კოოპერაცია, რაც დღეს გვაქვს, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად