გახარია: ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგებთან

დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ შეზღუდვებს ხვალ და ზეგ არ დავუბრუნდებით. შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნას და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადავალთ თუ არა, პირდაპირ კავშირშია, როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებს და იმ პირობებს, რომელსაც ექიმები გვიწესებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა.

„ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად. და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი რა შედეგს მოგვიტანს ეპიდემიოლოგიურად. შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით, ამიტომ, ორი კვირა იქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგებთან.

„ყველა ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება შეთანხმებული პროფესიონალებთან და ეპიდემიოლოგების სრული შეფასებით. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ. როდესაც გარკვეული საქმიანობები ხდება ნებადართული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ხდებოდა ეპიდემიამდე ეს არის სხვა მოთხოვნები, სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის, არამედ საერთოდ, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობაა, რადგან მოგეხსენებათ, ეპიდემიის გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად