გახარია -პრემიერმინისტრი, ღარიბაშვილი -თავდაცვის მინისტრი, გომელაური-შს მინისტრი – ახალი მთავრობა წარდგენილია

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც მან დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

“მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შს მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ბატონი ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ლევან იზორია ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია: 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებული საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების შედეგად გაუქმდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და შემოღებული იქნა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

2004 წლის 6 თებერვლიდან დღემდე საქართველოს სულ 10 პრემიერ-მინისტრი ჰყავდა: ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკილოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე.

ყველაზე დიდი ხნით იყვნენ პრემიერმინისტრები: ნიკოლოზ გილაური – 3 წელი, 4 თვე და 25 დღე; ზურაბ ნოღაიდელი – 2 წელი, 8 თვე და 28 დღე; გიორგი კვირიკაშვილი – 2 წელი, 5 თვე, 15 დღე;

ყველაზე მცირე ხნით იყვნენ პრემიერ-მინისტრები: ივანე მერაბიშვილი – 2 თვე და 29 დღე; გრიგოლ მგალობლიშვილი – 3 თვე და 6 დღე; ვლადიმერ გურგენიძე – 11 თვე და 10 დღე;

პრემიერმინისტრთა შორის გიორგი კვირიკაშვილი ერთადერთია ვინც ორი მოწვევის პარლამენტის მიერ იქნა არჩეული.

საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მყოფთა შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ყველაზე ასაკიანი – 56 წლის ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად