“გახარია ოპოზიციას იმიტომ ემიჯნება, რომ თავის ნიშას ეძებს” – ინტერვიუ გია ნოდიასთან

იმ ვითარებაში როდესაც მმართველი პარტია ოპოზიციას ლამის ეხვეწება, რომ პარლამენტში შევიდეს, „ქართული ოცნებიდან“ გასულ მაჟორიტარ დეპუტატებს მანდატების დატოვებას და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მათი ლოგიკით ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო არიან დეპუტატებად არჩეულები.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ გახარია ოპოზიციას იმიტომ ემიჯნება, რომ თავის ნიშას ეძებს, თუმცა პოლიტოლოგი აქვე აცხადებს, რომ მას ჯერ ისეთიც არაფერი უთქვამს, რაც დაარწმუნებდა, რომ ნამდვილი ოპოზიციაა. ნოდიას აზრით, მან უნდა უპასუხოს კითხვას – რა იყო ისეთი, რის გამოც მან და მისმა გუნდმა დატოვეს „ქართული ოცნება“.

რა რიტორიკაა „ოცნების“ მხრიდან ეს? არის თუ არა რეალური ოპოზიცია გახარიას ჯერ არშექმნილი პარტია თუ ის ივანიშვილის პროექტია? და რას ნიშნავს აშშ-დან ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კომპრომისისთვის მზად არიან? – აღნიშნულ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია საუბრობს:

_ გახარიას გუნდი გამოეყო „ოცნებას“ და მმართველი გუნდისგან გვესმის, რომ წამოსულთაგან მაჟორიტარებად არჩეულმა წევრებმა უნდა დატოვონ პარლამენტი და ხელახლა მიიღონ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა. ეს მაშინ, როდესაც ოპოზიციას შესვლას ეხვეწებიან. ეს რა რიტორიკაა?

_ გასაგებია მათი ტაქტიკა და რიტორიკა რაცაა. „ოცნებაში“ თვლიან, რომ პარტიიდან გასული წევრები პარლამენტში მმართველი გუნდის წყალობითაა და მორალური უფლება არ აქვთ, რომ დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს სრულიად უსაფუძვლოა პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც. ასეთი არც კანონი არსებობს და არც პრაქტიკა.

თუ შეცდომა მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გავიდნენ პარლამენტში და ახლა აღარ უნდათ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა, ეს შეცდომა შესაძლოა ამ ხალხისაც არის, მაგრამ ეს შეცდომა თავად „ქართული ოცნებისაც“ არის. ეს ნიშნავს, რომ არ აქვთ საკმარისად მყარი პარტია. ისინი სხვას ვერავის ვერ დააბრალებენ და ისევ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ის, რომ ეს დეპუტატები დაკარგეს.

_ ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტს არ წარმოადგენენ, მაგრამ ამბობენ მაგალითად იმას, რომ მელია პოლიტპატიმარი არ არის. ეს რაზე მიანიშნებს და რა შთაბეჭდილება გრჩებათ – რეალური ოპოზიციაა?

_ ჯერჯერობით ცალსახად ვერც იმას ვიტყვი, რომ რეალური ოპოზიციაა და ვერც იმას, რომ არ არიან რეალური ოპოზიცია არ არიან და ივანიშვილის პროექტია. თავისთავად ის, რომ ცდილობენ, რომ დღევანდელი ოპოზიციისგან დისტანცია დაიკავოს, ეს გასაკვირი არ არის და არც ალოგიკური. იმიტომ, რომ გასაგებია ის, რომ ისინი ეძებენ თავის ნიშას და ეს ნიშა უნდა იყოს ის, რომ დაცილებულები არიან დღევანდელ ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.

_ ანუ, ე. წ. მესამე ძალის ნიშის მოპოვება უნდათ?

_ დიახ რა თქმა უნდა. ყველა ცდილობს მესამე ძალა იყოს. „ევროპული საქართველოც“ ამბობდა არჩევნების მერე, რომ არც მიშა და არც ბიძინაო. ასე, რომ ყველა ამ თამაშს თამაშობს. ასე, რომ ეს არ ბადებს ჩემში ეჭვებს, რომ ისინი არ არიან ნამდვილი ოპოზიცია.

მეორე მხრივ არც ისეთი უთქვამთ არაფერი, რაც მაფიქრებინებდა, რომ რეალურად ოპოზიციური ძალაა. გასაგებია, რომ სხვა ოპოზიციური ძალებისგან უნდა განასხვაო საკუთარი თავი, მაგრამ პირველ რიგში მაინც ხელისუფლებისგან უნდა განასხვაო თავი. ხელისუფლების კრიტიკა ჩვენ არ გაგვიგია სერიოზულად, შეიძლება ეს კრიტიკა განსხვავებული იყოს სხვა ოპოზიციური ძალების კრიტიკისაგან, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გვითხრან, რა მოხდა იმისთანა, რომ მიუღებელი გახდა მათთვის „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა.

გასაგებია, რომ მელიას დაპატიმრებას არ დაეთანხმა გახარია, მაგრამ ეს უფრო ტაქტიკური მოსაზრებაა, რომ მელიას იმ მომენტში დაპატიმრება არ იყო მომგებიანი, მაგრამ როგორც ჩანს არსებითად გახარია და მისი გუნდი ეთანხმებიან იმას, რომ მელია დაპატიმრებას იმსახურებს. ასე, რომ ეს არსებითი განსხვავება არ არის „ქართული ოცნებისგან“. არსებითად რაში უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“ ეს არც გახარიას უთქვამს და არც მისი გუნდის წევრებს. შესაბამისად, დღეს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ეს ხალხი სერიოზულად განვიხილოთ, როგორც ოპოზიცია.

_ ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც უნდა გკითხოთ. მან დღეს თქვა, რომ აშშ-გან მინიშნებები იყო, რომ ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას და კომპრომისი უნდა იყოს. კობახიძე ამბობს, რომ ისინი მზად იყვნენ ამისთვის და ახლაც მზად არიან. განსხვავებული რიტორიკა რითი შეიძლება იყოს გამოწვეული?

_ ზოგადად კომპრომისისთვის მზად რომ არიან, ამას ყოველთვის ამბობდნენ. ასე, რომ ეს პრინციპულად განსხვავებული არ არის. მთავარია რას გულისხმობს ის – კონკრეტულად რას ნიშნავს კომპრომისი. ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. გასაგებია, რომ ძირითად საკითხად რჩება ვადამდელი არჩევნები, რაზეც არაფერი მინიშნება არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

თუ შეთანხმდებიან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაზე, ეს გადაწყვეტს პოლიტპატიმრების საკითხს თუ ასეთ ამნისტიაზე შეთანხმდებიან. კობახიძემ მიანიშნა, რომ ამაზე თანახმა ვართო. ეს მოხსნის პოლიტპატიმრების საკითხს, მაგრამ არჩევნების საკითხზე ჯერჯერობით არ ყოფილა მინიშნება და თუ ეს არ იქნება, მაშინ ეს არსებითად არაფერს ცვლის. რაღაც საკითხებზე რომ კომპრომისზე წამსვლელია „ქართული ოცნება“, ეს ადრეც ვიცოდით.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...