გახარია “ნაცონალურ მოძრაობაზე”: ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა

“ის სპექტაკლი, რაც დღეს აქ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და ეს არის სიცრუე”.


​ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის მოსმენა არ ისურვა და პარლამენტის პლენარულ დარბაზში შეხვედრის შეწყვეტა მოითხოვა.

“მე მინდა რამოდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც დღეს აქ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და ეს არის სიცრუე. ჩვენ, ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც, და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, მათ ამომრჩევლებთან საუბარი. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომურიც. მათ მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ, ეს არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მიზანია, რომ ეს სიცრუე დავასრულოთ. ჩვენი მიზანია, როდესაც მოდელირებული რეალობით ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” დღეს რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია. სიმართლე მდგომარეობს შემდეგში – 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა, მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩვენი პოლიციელი. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ. რა თქმა უნდა სიმართლეა იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლეა ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალები, სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით, და არა იმ სპექტაკლებით, რომელსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს. ჩვენი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადობასთან ურთიერთობის ჩვენი ენა იყოს სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა გამოწვევები გვაქვს ხვალ, და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას ბოლომდე გავაკეთებთ, ამის არ შეგვეშინდება, და ყველა სხდომა, რომელიც ამ დარბაზში ჩატარდება ჩვენ წყნარად მოვალთ და ყველა კითხვას პასუხს გავცემთ”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად