გახარია: ჩვენი მიზანი მარტივია – ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ

რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხარაგაულში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს, ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, პირველ რიგში, არის შიდა რაიონული გზები.

„მესმის, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქალაქისთვის შიდა რაიონულ გზებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში და აქ, მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ყურადღებას, მუშაობას და რა თქმა უნდა, ხარაგაულის წყალმომარაგება, პირველ რიგში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, დასრულდება უახლოეს პერიოდში და შემდგომ ამას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა, ახალი პროექტის შექმნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ – მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაატა კვიჟინაძე იქნება ღირსეული ხმა უკვე ხარაგაულელებისაც.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება არჩევნები, რომელიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში ბატონი პაატა კვიჟინაძე გაიმარჯვებს, ამაში უბრალოდ ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ ვიცნობ ამ ადამიანს წლებია, ერთად გვიმუშავია ბევრი, მისი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო სანიმუშო და ახლა, ამას ლამაზი სიტყვებისთვის არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პაატა გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას და იქნება ღირსეული ხმა უკვე ხარაგაულელებისაც. ჩვენი მიზანი, საბოლოო ჯამში, არის მარტივი – ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამ არჩევნებშიც ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გისურვებთ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად