გახარია ახალგაზრდებს: რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია

დღეს ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მასში თქვენი ჩართულობის ხარისხი დაბალი იქნება, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ხმა ისმოდეს და როდესაც მთავრობა გეგმავს სხვადასხვა რეფორმას, პროგრამას, ბიუჯეტს თუ რეგიონის განვითარებას, მომავალ თაობას სიტყვა უნდა ეთქმოდეს.

“დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ის, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან თანამედროვე სამყარო იმდენად გლობალიზებულია, არსებობს თავისუფალი არჩევანი, საქართველოს მოქალაქე იყო თუ სამყაროს მოქალაქე, რამდენად დიდი ბმა უნდა გქონდეს იმ ადგილთან, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სად არის ბალანსი ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის. ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში და ახალგაზრდებს მოუწოდა, გულწრფელად ისაუბრონ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე.

“არაფერს აქვს ფასი, თუ ხვალ, ზეგ, როდესაც თქვენ სრულფასოვნად აიღებთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას, ეს განგრძობადობა და მეხსიერება დაკარგული იქნება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწოდა, რომ ეს წყვეტა იყო რადიკალური, რამაც ბევრი რამ შეცვალა. არ არსებობს დახურული თემები და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც თქვენ გაღელვებთ. გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად ხედავთ ამ ქვეყანას, სად ხედავთ თქვენს როლს და თქვენს თავს 5-10 წლის შემდეგ, რა პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ თქვენს თავზე დღეს და ხვალ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ დღეს იმისთვის, რომ 10 წლის შემდეგ თქვენ სრულფასოვნად შეგეძლოთ, პასუხისმგებლობა აიღოთ ქვეყანაზე, მის განვითარებასა და ხვალინდელ დღეზე”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად