გახარია: ადამიანები, ვინც ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, პრეტენზიას გვიყენებენ

“ადამიანები, რომლებიც ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, დღეს ჩვენ პრეტენზიას გვიყენებენ ოკუპაციის საკითხზე”.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ოკუპაცია არა მხოლოდ პოლიტიკური შემადგენელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ჩვენი უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი რისკია.

„ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ, შეიძლება ამას ვერ ვგრძნობთ, ვერ ვეხებით, მაგრამ ყოველდღიურად ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცამ ოკუპაციის თემის პრივატიზება მოახდინოს.

ჩვენ არ უნდა გაგვიჩნდეს ეს კომპლექსი, ადამიანები, რომლებიც ამ ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ეს ადამიანები დღეს ჩვენ პრობლემას და პრეტენზიას გვიყენებენ საერთოდ ოკუპაციის საკითხზე. ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ხშირად საუბრობენ ოკუპაციაზე, ეს სიმბოლოები – 20 პროცენტი საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

მაგრამ, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მარტო ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს ეკონომიკის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ოკუპირებულია საერთოდ ამ ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ამ პრობლემას არ გადავწყვეტთ, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ვერც ერთი მიმართულებით, ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური, ვერ მოხერხდება და ეს იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არა მარტო ტერიტორიები, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული და ამ პრობლემის გადაჭრამდე, სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია.

„ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც გადაწყვეტის დღემდე იქნება თანმდევი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების. არ ვამბობ არაფერს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ. ეს მათი ყოველ წუთიერი ყოფის თემაა, ისევე როგორც დევნილებზე, რომლებიც საერთოდ ამ განზომილებაში ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველა ის ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთოდ სახალხო დიპლომატია, ყველა ის საერთაშორისო ფორმატები მოლაპარაკებების, რომლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს, მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოვიყენოთ”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად