გახარია: 2012 წელს კახეთში მოყვანილი იყო 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს-278 000, 2020-ში 300 000-ს ველოდებით 

მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გამოწვევა გვაქვს, ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ გონივრულობის უმაღლესი დონე, სიფრთხილე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, მშვიდობა და შრომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა სოხუმში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წლისთავზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ოკუპაცია არის გადაულახავი პრობლემა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ორი გზით – მშვიდობით და შრომით.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პენსიონერების წინაშე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების რაღაც დონე შეინარჩუნონ

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მდგომარეობით, 19 800 ტონა ატამი არის ექსპორტირებული ქვეყნიდან, რაც შარშანდელ მონაცემებზე თითქმის ორჯერ უფრო მეტია.

„მარტივ რიცხვებს გეტყვით, 2012 წელს კახეთში გადამუშავებული და მოყვანილი იყო 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს – 278 ათასი ტონა, 2020 წელს ველოდებით 300 ათას ტონა ყურძენს. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომლის უკან დგას პირველ რიგში ქართველი ფერმერის და გლეხის შრომა და შემდგომ უკვე ის პირობები, რომლითაც ვცდილობთ, ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
სახელმწიფოს აქვს თავისი პირდაპირი, ფუნდამენტური ვალდებულებები, როგორიც არის მაგალითად განათლება. ამიტომ დავიწყეთ ჩვენ განათლების მასშტაბური რეფორმა, რომლის მიზანიც არის, რომ როდესაც თითოეული ნიჭიერი ბავშვი მიიღებს განათლებას საქართველოში და გავა ქვეყნის გარეთ, სხვა ქვეყნის შვილებთან უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. მან უნდა იცოდეს, რომ მისი განათლების სისტემა არის ისეთი, რომ როდესაც დროებით დატოვებს თავის ქვეყანას, არ უნდა იგრძნოს თავი დაჩაგრულად. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განათლების რეფორმა იყოს ეფექტური. ეს ვერ იქნება სწრაფი რეფორმა, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ყოველწლიურად ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი – სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერების წინაშე.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თუნდაც ღარიბ ქვეყანაში, რომ პენსიონერების, ღვაწლმოსილი მოხუცების ცხოვრება ასე უცებ არ შეიცვალოს, მათ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების რაღაც დონე უნდა შეინარჩუნონ და ჩვენ მათზე არა მხოლოდ პენსიით უნდა ვიზრუნოთ, უნდა ვიზრუნოთ მათ სოციალურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმირებასთან. სხვას ყველას, ქვეყნის ჯანსაღ, ჯანით სავსე მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები ღირსეულად ვარჩინოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას თანაბარი პირობები ყველასთვის. არანაირი კორუფცია, არანაირი ბიუროკრატია, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია.

მოგეხსენებათ, მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გამოწვევა გვაქვს, ოკუპირებული ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ გონივრულობის უმაღლესი დონე, სიფრთხილე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, მშვიდობა და შრომა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად