გაერთიანებული წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება

2019 წელს წყალმომარაგების სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება. ყველა ზემოჩამოთვლილი პროექტის განხორციელების შედეგად, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

“აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა, პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები – “წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებს მოუგვარდება. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი”.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემების შესახებ. კერძოდ, გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად