გაერომ რუსეთის მიერ ყირიმის მილიტარიზაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რუსეთის მიერ ყირიმის და აზოვის და შავი ზღვების აკვატორიების მილიტარიზაციის შესახებ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი მიიღო.

ამის შესახებ იუწყებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტვიტერზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობა თავის ტვიტერზე მიუთითებს, რომ მიღებული დოკუმენტის ტექსტში გაერო პირველად მიუთითებს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შედეგად ბუდაპეშტის 1994 წლის 5 დეკემბრის მემორანდუმის დარღვევის შესახებ.

მიღებულ დოკუმენტის მეხუთე პუნქტში რუსეთი გაკიცხულია ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის გამო.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, გაიყვანოს თავის ჯარები ყირიმიდან და გადაუდებლად დაასრულოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 66-მა ქვეყანამ, 19 წინააღმდეგი იყო, ხოლო 72-მა თავი შეიკავა.

ევროპის ქვეყნებთან, აშშ-თან, კანადასთან, ისრაელთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, აგრეთვე ცენტრალური ამერიკის და რიგ სხვა ქვეყნებთან ერთად მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.

რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ბოლივია, ბურუნდი, კამბოჯა, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ლაოსი, მიანმარი, ნიკარაგუა, სერბეთი, სუდანი, ჩრდილოეთ სუდანი, სირია, უზბეკეთი, ვენესუელა და ზიმბაბვე რეზოლუციის მიღების წინააღმდეგები იყვნენ.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად