გაერო უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს

Associated Press-ის ინფორმაციით, უკრაინასთან დაკავშირებით გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, რომელზეც, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სტატუსი უნდა დამტკიცდეს. სხდომა დღის პირველ ნახევარში გაიმართება.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ რუსეთმა გაეროში რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარს უჭერს და კონფლიქტის მხარეებს მისი შესრულებისკენ მოუწოდებს. მათივე ცნობით, დოკუმენტში ნახსენებია "უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა".

სტატიაში ასევე მოყვანილია დიპლომატების მოსაზრება, რომ თითქოს გაეროს სულ მცირე 15 წევრი ქვეყანა რეზოლუციის რუსულ პროექტს მხარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, მინსკში, 11-12 თებერვალს მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, 50 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, თუ აღნიშნული შეთანხმება არ შესრულდება, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობას შემოიღებენ.

კომენტარები
იტვირთება...