გაერო: თუ ალეპოზე ავიაიერიშები არ შეწყდება, ქალაქი შესაძლოა განადგურდეს

გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის „სასტიკი და „მუდმივი“ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება, შესაძლოა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი სრულიად განადგურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, მისტურამ ასევე აღნიშნა, რომ ის მზადაა ალეპოს აღმოსავლეთით პირადად გაემგზავროს და ათასობით ისლამისტ მებრძოლს ქალაქი დაატოვებინოს. გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ალეპოში ავიაიერიშების შედეგად ასზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, სირიაში სამოქალაქო ომი დაახლოებით ხუთი წელი მიმდინარეობს. ამჟამად ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ და მის გარეუბნებში სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის საკითხზე 12 სექტმებერს მიღწეული შეთანხმება 19 სექტემბერს დაირღვა, რის შემდეგაც სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსულმა ავიაციამ ალეპოზე შეტევა განაახლეს. სირიის ქალაქ ალეპოში ვითარება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაუარესდა, როდესაც სახელისუფლებო ჯარებმა, პრეზიდენტ ბაშარ ასადის ოპონენტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის შემდგომ, საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. თავდასხმას თან ახლავს აქტიური იერიში ამბოხებულთა პოზიციებზე.

ამავე დროს, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ავიაიერიშები დასახლებულ ტერიტორიაზე ხორციელდება, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს ცნობით, ავიაიერიშების გამო, ორმა მთავარმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. 25 სექტემბერს სირიაში არსებული ვითარება გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო. პან კი მუნმა იარაღის სისტემატიურ გამოყენებას ომის დანაშაული უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...