გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ აბდუ აბარიმ დახურული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, იუწყება Reuters.

“უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გენერალური მდივნის მოწოდებას კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, შეამცირონ დაძაბულობა და დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს”, – თქვა აბარიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დახურული კონსულტაციების მონაწილეებმა გამოხატეს შეშფოთება მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების გამო და “მკაცრად დაგმეს ძალის გამოყენება”.

მანამდე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მთიანი ყარაბაღის ზონაში ბრძოლის შეჩერებისკენ მოუწოდა. მისი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გუტერეში აპირებდა მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ივლისში გამწვავდა. ქვეყნებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

27 სექტემბერს დილით, საომარი მოქმედებები განახლდა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. ბაქომ განაცხადა სომხეთის მხრიდან ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი დაბომბვის შესახებ, ერევანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა პირველმა დაბომბა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე მეტი ასაკის პირთა საერთო მობილიზაცია. საომარი მდგომარეობა აგრეთვე გამოცხადებულია სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად