გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ვენაში მომხდარი თავდასხმები დაგმო

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო ორშაბათს ვენაში მომხდარი სროლები და სოლიდარობა გამოუცხადა ავსტრიის მთავრობასა და ხალხს. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“გენერალური მდივანი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს სოლიდარობას ავსტრიელი ხალხისა და მთავრობის მიმართ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ვითარების განვითარებას ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში. “იგი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილების გამო და დაშავებულებს უსურვებს სწრაფ განკურნებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ვენაში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი თავდამსხმელი, ხოლო დაშავებულია 15 მოქალაქე. სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად