23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინა დღეს გამართულ სპეციალურ სესიაზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.

გენერალურმა ასამბლეამ მოსკოვს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვლებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ მოუწოდა.

რეზოლუციას მხარი გაეროს 141-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. 7 წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია:

ადასტურებს თავის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში;

იმეორებს თავის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან;

მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვან საერთაშორისო სამართალი, მათ შორის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კუთხით.

გაერო ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია „უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენება ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით“.