გაერო: მადაგასკარში გვალვაში გადასარჩენად, ქალები, ბავშვები, ოჯახები კაქტუსებს ან კალიებს ჭამენ

უკიდურესი გვალვით გამოწვეული შიმშილით მადაგასკარში 1,3 მილიონი ადამიანი იტანჯება. ადამიანები იძულებულები არიან, კაქტუსები და კალიები ჭამონ. ამის შესახებ მადაგასკარში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, ისა სანოგომ განაცხადა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოავლინოს სოლიდარობა მადაგასკარის ხალხის მიმართ, რომელიც კლიმატის კრიზისის მძიმე ტვირთს ატარებს და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭირო დაფინანსება უზრუნველყოს”, – განაცხადა სანოგომ.

მისი თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვის შედეგებმა, ქვიშის ქარიშხლებთან და მავნებლებთან ერთად, კუნძულის სამხრეთ ნაწილების მოსახლეობისთვის საკუთარი საკვების მოყვანა, სულ მცირე, სამი წლის მანძილზე შეუძლებელი გახადა.

“მსოფლიო ვეღარ მოიქცევა ისე, თითქოს არაფერი ხდება. ადამიანებს მადაგასკარში ჩვენი მხარდაჭერა ახლა და მომავალში სჭირდებათ”, – განაცხადა სანოგომ.

გვალვის შედეგად 1,3 მილიონზე მეტ ადამიანი შიმშილობს, ამასთან 30 000-ის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

”გვალვაში გადასარჩენად, ქალები, ბავშვები, ოჯახები კაქტუსებს ან კალიებს ჭამენ. ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი საკვების მწვავე დეფიციტს განიცდის და ეს ხდება ქვეყანაში და რეგიონში, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად იწვევს”, – აღნიშნა მან.

გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, კრიზისმა მშობლები აიძულა, ბავშვები სკოლებიდან გაეყვანა, რათა ისინი საკვებისა და წყლის პოვნაში დახმარებოდნენ.

“მსოფლიომ ახლავე უნდა იმოქმედოს”, – დასძინა სანოგომ.

კომენტარები
იტვირთება...