გადმოუხვიე ნენსკრას ხეობისკენ – ჭუბერში

სვანეთი უნიკალური ბუნებით, მთებით, კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული მხარეა. ძველი კოშკების, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად ტურისტების უმეტესობა მესტიასა და უშგულში ჩადის, თუმცა სვანეთს კიდევ ერთი გამორჩეული მხარე აქვს — მდინარე ნენსკრასა და ნაკრას ხეობა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

მაშ ასე, სვანეთის გზაზე, საგერგილის ხიდს როგორც კი გაივლით, მარცხნივ, ნენსკრას ხეობისკენ გადაუხვიეთ და ჩვენ მოგიყვებით, რა უნდა ნახოთ, თუ სვანეთის გაცნობა მართლა გინდათ.

ჭუბერი

ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული ზუგდიდიან 80 კილომეტრში, ნენკსრას ხეობაში მდებარეობს. მას გარშემო კავკასიონის ქედები აკრავს და მთების კალთებზე 10 სოფელია განლაგებული. სოფლებს და სახლებს შორის მდინარე ნენსკრა მოედინება. სახელ ჭუბერზე სვანეთში ორი ვერსიაა გავრცელებული, ერთის თანახმად ჭუბურ მეგრულად წაბლს ნიშნავს და, რადგან ამ ტერიტორიაზე ბევრი წაბლის ხეა სახელიც ასე დაარქვეს. მეორე ვერსიით, მთას, საიდანაც მდინარე ნენსკრა მოედინება, აზავჭიბერ ჰქვია, ამიტომ ეძახიან სვანები ნენსკრას ჭუბრულას და თემს ჭუბერს.

ჭუბერში დღეს 13 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, მათ შორისაა “ნენსკრა”, რომელმაც აქ ჩამოსულ ტურისტებს პირველმა უმასპინძლა. სასტუმროს 69 წლის მელორ ცინდელიანი ცოლთან და შვილთან ერთად ხელმძღვანელობს.

საოჯახო სასტუმრო “ნენსკრა”

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

On.ge-სთან საუბრისას მელორი გვიყვება, რომ თავდაპირველად მეზობლები მის წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა შემდეგ ყველა რჩევას ეკითხებოდა.

მელორ ცინდელიანი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

კითხვაზე, რა არის ერთი რამ, რაც ჭუბერში ყველამ უნდა ნახოს მელორი გვპასუხობს:

“ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, ქართველისთვის დამახასიათებელია, რომ სტუმარი ღვთისაა, ასე მიგვაჩნია ყველას, მაგრამ ეს ყველაზე ძვალში გამჯდარი არის სვანეთში და სვანეთიდან კიდევ ჭუბერში. ჭუბერი ოდითგანვე გამორჩეული სოფელი იყო მთელ რაიონში თითით საჩვენებელი… მიუხედავად იმისა, რომ რაიონის ზედა სოფლებში კოშკები არის და კარგი ხედები იქაცაა, იქიდან ჩამოსულები აქ რომ მოდიან აშკარად აღიარებენ აქაურ უპირატესობას, რომ ბუნება აქაურზე უკეთესი არსად არ არის”.

უფრო ზუსტად, რისი ნახვა შეგიძლიათ ნენსკრას ხეობაში:

  • უთვირის უღელტეხილის ტურისტული მარშრუტის
  • ლთნარის ტბის
  • ლამხატობის ტბის
  • ტობულდარის
  • საჯიხვეების
  • საკალმახეების
  • და, რა თქმა უნდა, ულამაზესი ბუნების

ტობულდარი

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ტობულდარი, ლამხატობისა და ლთნარის ტბები უთვირის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. ტობულდარი 2 300 მეტრის სიმაღლეზეა, აქედან კიდევ 5 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ, რომ ლთნარის ტბამდე მიხვიდეთ. თვითონ უთვირის უღელტეხილის სიმაღლე 2 770 მეტრია, კიდევ უფრო ძნელად მისასვლელია ლამხატობის ტბა, რომელიც დაახლოებით 3 500 მეტრზე მდებარეობს.

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

რჩევები, სანამ ნენსკრას ხეობას დავლაშქრავთ:

ტურისტები ნენკსრას ხეობის დასალაშქრად საფეხმავლო მარშრუტებს იყენებენ. სამანქანო გზა აქ მხოლოდ ტობულდარამდე ადის და ისიც ისეთი რთულია, რომ გამოცდილი მძღოლისა და შესაბამისი მანქანის პოვნაში უნდა გაგიმართლოთ.

  1. წინ დიდი გზა გაქვთ და უმჯობესია, ლაშქრობა დილით ადრე დაიწყოთ
  2. თან გქონდეთ სალაშქრო აღჭურვილობა
  3. არ დაივიწყოთ შესაბამისი ფეხსაცმელი, რადგან მთაში ამინდი ხშირად იცვლება
  4. ყოველთვის თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი
  5. უმჯობესია წასახემსებლად საჭმელიც წაიყოლოთ ალპურ ზონაში კენკრის გარდა არაფერი შეგხვდებათ.

თუ უკვე მზად ხართ, შეგიძლიათ ბილიკს ჩვენთან ერთად დაადგეთ. ტობულდარისკენ მიმავალი გზა მთლიანად ტყეში ადის, ბილიკის ორივე მხარეს მთები და მათ ფერდობებზე გაშლილი შერეული ტყე გხვდებათ. აქ ყველას თავისი ადგილი აქვს, ქვემოთ ფერადი ყვავილები, შემდეგ ველური თხილი, უფრო ზემოთ ფოთლებშეყვითლებული ხეები და ცალკე მარადმწვანე წიწვოვნები. გზად რამდენიმე ადგილას მთიდან ბუნებრივად გამომავალ, სუფთა, ცივ წყალსაც შეხვდებით. შესვენების ადგილად ალბათ იმ ერთადერთ ვაკეს შეარჩევთ, რომელიც ტყის ბოლოს გვხვდება. ეს ადგილი მთლიანად მთებითაა გარშემორტყმული, ჩრდილოეთით მოშიშვლებული, დათოვლილი ალპური ზონა ჩანს, დანარჩენ მხარეს კი ტყით დაფარული კალთები. აქ მწვანე ფერის ყველა გრადაცია შეგხვდებათ და კარვების გასაშლელადაც მშვენიერი ადგილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად