გადასახადის 9 760 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება 860,017,347 ლარი ჩამოეწერა

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის 9760 გადამხდელს  საგადასახადო დავალიანება 860,017,347 ლარი ჩამოეწერა. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად, ა) ნაწილის შესაბამისად 2479 გადამხდელს ჩამოეწერა 852,376,849 ლარი,   ბ) ნაწილის მიხედვით  372 გადამხდელს ჩამოეწერა 2,679,607 ლარი, ხოლო  გ) ნაწილის თანახმად  6909 გადამხდელს ჩამოეწერა 4,960,890 ლარი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად გათავისუფლდა, რომელიც ძალაში 2014 წლის 25 დეკემბერს შევიდა. საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;   
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე  აქტივობები არ უფიქსირდება;
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
 
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებულ შემთხვევებში),  ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცესი გრძელდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად