“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – პროტესტის ნიშნად,  4 ტელეკომპანია: “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! – პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.

რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.

ცნობისთვის, მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი 5 ივლისს, მოძალადეების მიერ ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. 11 ივლისს, დილით, ის დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას ოპერაციაც დასჭირდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

კომენტარები
იტვირთება...