გაბუნია: ქართველი პატრიოტი ვაჟკაცების სახეებად ლევან ვასაძე და თარხან მოურავიანი ირმა ინაშვილი იქცნენ

ორთვიანი “დასჯის” შემდეგ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ტელეეთერს დაუბრუნდა გადაცემით “პოსტფაქტუმი მთავარ არხზე”, სადაც პირველი განმარტება გააკეთა, რატომ აგინა ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, შეკითხვა რომელსაც ადამიანები მისვამდნენ იყო ეს – რატომ ვაგინე ასეთი უშვერი სიტყვებით პუტინს. ჯერ ერთი არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, ამას აკეთებს ყველა საქართველოში. სახლში, ქუჩაში, სამსახურში, ყველა თავის სივრცეში, ჩემი სივრცე ეს არის. ამიტომაც ვაგინე ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს ჩემი სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, ყველას გასაგონად მისსავე ენაზე და თქვენ ნახეთ, ეს მან გაიგონა.

ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი, ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, რომელიც, მე ვიტყოდი ფეხის გულებს ულოკავს ოკუპანტს და იგივეს მოუწოდებს ქართველებს.

ხელისუფლება, რომელსაც თვითონ ეშინია და აშინებს ხალხსაც, რომ ერთი წამყვანის ერთი კომენტარით შეიძლება ომი დაიწყოს, დაგვბომბონ, მიწასთან გაგვასწორონ და უნდა ვთქვა,ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მართლა აღმოჩდნენ ადამიანები, ეს დაიჯერეს და მზად არიან თავიანთი ღირსება, დამოუკიდებლობა გაცვალონ მონურ დუმილში და ხმის ამოუღებლად უყურონ იმას თუ როგორ იპყრობს ნელ ნელა რუსეთის მავთულხლართები ჩვენს მიწას. უყურონ როგორ იტაცებენ ოკუპანტები მათ ძმებს, აწამებენ, კლავენ და მერე გულამოცლილს აბრუნებენ მშობლიურ მიწაზე.

პუტინის დედის საფლავს რომ შევეხე, ასე მითხრეს, თურმე ქართული კაცობის ტრადიციები დამირღვევია. მაპატიეთ, მაგრამ ქართული ვაჟკაცობის და თავდადების ტრადიციები სად გაქრა?! რომლითაც სუფრასთან ჭიქით ხელში ყველა ამაყობს.

დიდგორის ბრძოლის და დავით აღმაშენებელის ბრძოლის მოამაყე ერის რომელ ტრადიციაში ჯდება მითხარით, რომ ჩვენი ხელისუფლება და მისი თანამოაზრეებიც ასე ჩასვრილები სხედან, დუმილით ხვდებია ოკუპაციას და უფრო მეტიც, თვითონ ეპატიჟებიან მტერს ჩვენ ქვეყანაში, გავრილოვს პარლამენტი დაუთმეს, ბავშვების თვალების მთხრელ რუს გახარიას კი პრემიერის სავარძელი.

ქართველი პატრიოტი ვაჟკაცების სახეებად მე ვიტყოდი, სამწუხაროდ დღეს ლევან ვასაძე და თარხან მოურავიანი ირმა ინაშვილი იქცნენ”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსნებთ, 2019 წლის 7 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.

რის შემდეგ, ტელეკომპანიასთანა საპროტესტო აქცია გაიმართა და გიორგი გაბუნიას გათავისუფლება მოითხოვეს. უსაფრთხოების გამო,”რუსთავი 2″-მა  რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ეთერში გავიდა, “ქართველთა დიდი სირცხვილია”.

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერეს, მაგრამ მის გათავისუფლებას არ გეგმავენ.

8 ივლისიდან, რუსეთმა თბილისში ანტირუსული პროტესტის გამო, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა.
8 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას შესთავაზა, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფის საპასუხოდ, რუსეთს საქართველოდან ღვინისა და მინერალური სასმლის მიწოდება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად