FT: სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური ფიგურა ხდება და კონკურენტებს პოპულარობით აღიზიანებს

ინგლისური გამომცემა Financial Times-ი, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში მოღვაწეობის პერიოდი.
 

"თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას, კორუფციაში ბრალდების გამო, დააპატიმრებენ. სააკაშვილი აღნიშნული ბრალდების შესახებ აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური კონკურენტების მიერ შეთითხნილი ამბავია. საქართველოს ჩინოვნიკებმა მას საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

უკრინაში ჩვენ გვაქვს ჩრდილოვანი ხელისუფლება და ოლიგარქია, რომელიც უკრაინას, როგორც კერძო სააქციო საზოგადოებას, ისე ექცევა", – განაცხადა სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

გამოცემა წერს, რომ უკრაინელები სააკაშილს დიდ პატივს სცემენ, საქართველოში ორწლიანი პრეზიდენტობის პერიოდის გამო, როდესაც მან მოახერხა და დანგრეული სახელმწიფო, ბიზნესის იოლად კეთების სტატუსით, მსოფლიო ბანკის ტოპ-ათეულში მოახვედრა.

იგი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაახლოებული პირია, რომელთან ერთად, 90-იან წლებში იგი კიევის უნივერსიტეტში სწავლობდა. სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში უნდა დაინიშნოს ახალი პრემიერმინისტრი, რომელიც რადიკალური რეფორმების გატარებას მხარს დაუჭერს.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა კვლავ გააჟღერა ბრალდებები, რომელიც პრემიერმინისტრ არსენ იაცენუკის წინააღმდეგ იყო მიმართული. თავად იაცენუკი კი ბრალდებებს უარყოფს. 

"მე, სამწუხაროდ, ეჭვი არ მეპარება, რომ პრემიერმინისტრს პირდაპირი კავშირი აქვს ამ სქემებთან. მე არ მივცემ მათ იმის საშუალებას, რომ ასე ძარცვონ უკრაინა, რომელიც მე ასე მიყვარს", – აცხადებს სააკაშვილი.

ზოგიერთი ჩინოვნიკი და დიპლომატი მიიჩნევს, რომ კიევში, სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, მისი მოსისხლე მტრის – ვლადიმერ პუტინის პროვოცირებას გამოიწვევს. პუტინმა, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის ოდესის გუბერტორად დანიშვნა, უკრაინისთვის "სახეში შეფურთხებაა".

სააკაშვილი, კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფნისას ამტკიცებდა, რომ "ეგოისტურმა ინტერესებმა გამოწველა სახელმწიფოს საბიუჯეტო სახაზინო და ბუნებრივი რესურსები. მათ, თავიანთი უკანონო შემოსავლები ოფშორულ ზონაში მიჩქმალეს".

"როგორ შევაჩეროთ ეს? ძალიან მარტივად. სახელმწიფო უნდა იქცეს ნამდვილ სახელმწიფოდ. უნდა ვუთხრათ ოლიგარქებს, რომ მათი აქციები განულებულია, რასაც პროკურორების დახმარებით გავაკეთებთ," – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ფორმულა, კორუფციის აღმოსაფხვრელად მსგავსია იმ ფორმულისა, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა.

"უკრაინელებმა სასწაული ქნეს. რამდენი ადამიანი დაიღუპა", – განაცხადა მან გასული წლის რევოლუციის შესახებ საუბრისას. "აი, რატომაა, რომ მათ ესმით – ძველი სისტემა არ უნდა გაგრძელდეს", – აცხადებს სააკაშვილი", – Financial Times.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...