Fiat Chrysler და Renault შესაძლოა გაერთიანდეს

იტალიურ-ამერიკულმა ავტოკონცერნმა Fiat Chrysler დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგულ Renault-სთან თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომპანიამ დააზუსტა, რომ Renault-ს სრული შერწყმა შესთავაზა, საიდანაც მხარეები თანაბარ 50-50%-იან წილს მიიღებენ.

შეთანხმება გამოიწვევს ალიანსის შექმნას, რომლის კაპიტალიზაციაც 37 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, ხოლო წელიწადში 9 მილიონ ავტომობილს გამოუშვებს, რის შედეგადაც იგი მსოფლიოში, მანქანების წარმოების თვალსაზრისით მესამე ადგილს დაიკავებს Volkswagen-ისა და Toyota-ს შემდეგ.

Fiat Chrysler-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნული შეთანხმება კომპანიებს ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსების გაერთიანების საშუალებას მისცემს, რის შედეგადაც ისინი ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან. Bloomberg-ი აქამდე წერდა, რომ ახალმა ალიანსმა, სამომავლოდ, პარტნიორობა შესაძლოა იაპონურ Nissan-სა და Mitsubishi-ს შესთავაზოს.

Reuters-ი კი წერდა, რომ შერწყმა Fiat Chrysler-სა და Renault-ს დაეხმარება, გამოასწორონ ის ნაკლოვანებები, რომლებიც ორივე მხარეს აქვს.

The Wall Street Journal-მა 26 მაისს დაწერა, რომ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები პროგრესირებს. Renault-ის დირექტორთა საბჭოს შესაბამისი სხდომა 27 მაისის თარიღით არის ჩანიშნული. Fiat Chrysler-ის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო Renault – 17 მილიარდი აშშ დოლარი. აგრეთვე Renault-ს ეკუთვნის Nissan-ის აქციების 43%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...