FBI ამოწმებს, მუშაობდა თუ არა დონალდ ტრამპი მოსკოვთან ფარულად აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ

სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებენ, მუშაობდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ რუსეთთან ფარულად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსი” ავრცელებს.

“კონტრდაზვერვამ უნდა გადაწყვიტოს, წარმოადგენდა თუ არა დონალდ ტრამპის ქმედებები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეს, კონტრდაზვერვა ასევე შეეცდება გადაწყვიტოს, მუშაობდა თუ არა ტრამპი რუსეთთან შეგნებულად და მოექცა თუ არა ის მოსკოვის გავლენის ქვეშ”,-წერს გამოცემა.

მედიის თანახმად, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ დონალოდ ტრამპის ქმედებით, როდესაც მან 2017 წლის მაისში გამოძიების ფედერალური ბიურის (FBI)  დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი გამოძიების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. მან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

მანამდე, გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან 2017 წელს ჰამბურგში გამართული პირველი ოფიციალური მოლაპარაკებების დეტალები დამალა.

წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან 2017 წელს ჰამბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ თარჯიმანს არა მხოლოდ საუბრის დეტალების საიდუმლოდ შენახვა მოსთხოვა, არამედ სამუშაო ჩანაწერებიც ჩამოართვა.

საიდუმლოს შესახებ ცნობილი  მას შემდეგ გახდა, რაც თეთრ სახლში ამერიკის ლიდერის მრჩეველთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თარჯიმანს სთხოვა, მისთვის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. თუმცა, თარჯიმანმა თხოვნაზე უარი უთხრა.

Fox News-ის ცნობით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დონალდ ტრამპი მალევე გამოეხმაურა და განმარტა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ არაფერი დაუმალავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...