FAO-ს გენერალური დირექტორი კორონა ვირუსის შედეგების დაძლევის გეგმასთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) შეიმუშავა რეაგირებისა და გაჯანსაღების სრულყოფილი პროგრამა, რომლის მიზანია კორონა ვირუსის შედეგების დაძლევა მასშტაბური და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

„გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდ-19 ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანთან, თითოეულ ჩვენგანთან მიმართებით, გადაიხედოს ჯანსაღი საკვების წარმოებისა და მასზე წვდომის მიდგომები. სურსათის სისტემებმა აუცილებელია ამ პლანეტის ყველა მცხოვრები, ის ადამიანები, ვისაც პანდემიამ საფრთხე შეუქმნა, უზრუნველყოს დღიური საარსებო საშუალებებით. თუ ჩვენ გვინდა თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე მძიმე სასურსათო კრიზისი თავიდან ავიცილოთ, ძლიერი და სტრატეგიული თანამშრომლობა არაორდინალურად მაღალ მასშტაბებზე უნდა ავიყვანოთ.
ჯერ კიდევ პანდემიის წინა პერიოდში, სურსათის გლობალურ სისტემებსა და სურსათის უსაფრთხოებაზე ბევრი ფაქტორი ახდენდა გავლენას, მათ შორის, მავნებლები, სიღარიბე, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება. FAO-ს უახლესი ანგარიშის „მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების და ნუტრიციის კუთხით არსებული მდგომარეობა’’ თანახმად, 2019 წელს, დაახლოებით 690 მილიონი ადამიანი ანუ ყოველ ათ ადამიანში თითქმის ერთი იყო მშიერი. 2020 წლის ბოლომდე, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად, დამატებით 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ქრონიკული შიმშილის პირობებში. უფრო მეტიც, 2019 წელს, სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა.
პანდემიისა და მისთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩვენ უკვე ვნახეთ სურსათით მომარაგების გლობალური ჯაჭვის რღვევის, სამუშაო ადგილების დეფიციტის და დაკარგული მოსავლის შემთხვევები. ახლა ვხედავთ თუ როგორ იგვიანებს დარგვის პროცესი. მსოფლიოში, დაახლოებით 4,5 მილიარდი ადამიანი სურსათის სფეროშია დასაქმებული და ეს სფეროა მათი საარსებო წყარო; ისინი დასაქმებული არიან წარმოების, დასაწყობების, გადამუშავების, ტრანსპორტირების და სურსათის მომხმარებლამდე მიწოდების სფეროებში. ამასთან, მათ უწევთ საკუთარი თავის და ოჯახების გამოკვება. პანდემიამ სურსათის სისტემაში დასაქმებულთა 35 პროცენტი რისკის ქვეშ დააყენა და კიდევ უფრო მეტია დაზარალებული ქალების რაოდენობა.
ზემოაღნიშნული რეალობის გავლენა არის როგორც მყისიერი, ისე შორს მიმავალი. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ კოვიდ-19-ის დამაზიანებელი გავლენის შეჩერება სურსათის უსაფრთხოებაზე და ჯანსაღ კვებაზე. პარალელურად, აუცილებლად გვჭირდება სურსათის სისტემების მეტად გაძლიერება და თანასწორობის უზრუნველყოფა მომავალში, რათა იმაზე უკეთეს მდგომარეობაში დავბრუნდეთ, ვიდრე მანამდე ვიყავით.
პანდემიის დაწყებისთანავე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ აქტიური დახმარება გაუწია ქვეყნებს და ფერმერებს, რათა მათ ემუშავათ პრობლემის დაძლევის უფრო მასშტაბურ და მდგრად გამოსავალზე და საკვები მიეწოდებინათ ყველა ადამიანისათვის. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა, FAO-ს პროგრამას ,,კოვიდ-19-ზე რეაგირებისა და ვითარების გაჯანსაღების პროგრამა’’, სადაც მოქმედების შვიდი პრიორიტეტული სფეროა განსაზღვრული. თუმცა, აღნიშნული გამოსავლის გზების კატალიზებისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით, ბიზნესი, როგორც ჩვეულებრივი მიდგომა აღარ არის საკმარისი. ჩვენ გაერთიანებული ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ გამოწვევას სამი სტრატეგიული მიმართულებით. კერძოდ, პირველი – გადაწყვეტილებების მისაღებად გვჭირდება უკეთესი მონაცემები პანდემიის გავლენაზე დროულად და ეფექტურად რეაგიებისათვის, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ სად და როდის არის დახმარება საჭირო, ასევე, რომელია დახმარების საუკეთესო გზა. ეს ნიშნავს მასშტაბურ მუშაობას მონაცემებზე, ინფორმაციაზე და ანალიზზე და ასევე აღმავალი მიდგომის გამოყენებას.
FAO ცდილობს სწრაფი ადაპტირება მოახდინოს და გააძლიეროს მონაცემთა შეკრების მეთოდები ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ დონეზე, რადგან მონაცემთა შეკრების პროცესები პანდემიის შესაჩერებლად ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნის გამო დაირღვა. მაგ. FAO-მ ახლახანს გაუშვა FAO Data Lab რომელიც მიზნად ისახავს სურსათის ფასების რეალური დროის მონაცემებისა და სენტიმენტ-ანალიზის თავმოყრას. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ გეოსივრცითი პლატფორმა – Hand-in-Hand Geospatial Platform, რომელიც აერთიანებს ერთ მილიონზე მეტ სივრცით დონეს და კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებში ინტერვენციების პრიორიტიზირების კუთხით. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომს ხდის ვიზუალურ მონაცემებს და შესაძლებელი ხდება ადრეული განგაშის ატეხვა პოტენციურ ცხელ წერტილებში, რომელიც შეიძლება დაზარალდეს ცუდი
ამინდის პირობებით და შემდგომი განვითარების პროგნოზირება. მეორე, კარდინალურად უნდა გავზარდოთ ჩვენი კოლექტიური ქმედებების სინერგია.
კოვიდ-19 არის კრიზისი, რომელიც მოგვიწოდებს არა მხოლოდ გაერთიანებისაკენ, არამედ მოქმედებისაკენაც. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც არასოდეს გვიმოქმედია. ყველა ხელთარსებული მონაცემის, ძალისხმევისა და რესურსების ერთად თავმოყრა და ერთად მოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შედეგებზე რეაგირებისა და გლობალური გაჯანსაღებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინკლუზიის, სასოფლო სამეურნეო სფეროში ვაჭრობის, მდგრადი და ძლიერი სასურსათო სისტემების განვითარების ხელშეწყობა, პროპაგანდა, მომავალში ცხოველიდან ადამიანზე დაავადებების გადასვლის შედეგად ეპიდემიების გავრცელების პრევენცია და კოორდინირებული ჰუმანიტარული ქმედებების უზრუნველყოფა.
პანდემიამ უკვე საკმაოდ უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა გლობალურ და რეგიონალურ ვაჭრობაზე. 2020 წელს, ვარაუდობენ რომ მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა 32 პროცენტით შემცირდება. განსხვავებით სასურსათო თუ ჯანმრთელობის კრიზისებისაგან თანამედროვე ერაში, კოვიდ-19 მომარაგება- მიწოდების შოკებზე ახდენს გავლენას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და მომენტალურ თუ გრძელვადიან რისკებს უქმნის სურსათის წარმოებას და ხელმისაწვდომობას. აუცილებელია უზრუნველვყოთ ვაჭრობის მოთხოვნების შესაბამისობა და გავაუმჯობესოთ საქონლის საზღვრებზე გადაადგილების ეფექტიანობა. FAO მიზნად ისახავს საერთაშორისო აგრარული და სურსათით ვაჭრობის ხელშეწყობას რეგიონთაშორისი ვაჭრობის გაძლიერების გზით.
გარდა ამისა, ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადასვლის პრევენცია მოითხოვს კოორდინაციას ყველა შესაბამისი სექტორის მონაწილე მხარეებს შორის. ეს გულისხმობს ჯანდაცვის სექტორს, ეროვნულ და ადგილობრივ ბუნებრივი რესურსების მართვას და სოფლის განვითარებას, რათა მომავალში მყისიერი რეაგირება მოხდეს მაღალი რისკის მქონე ადგილებში ეპიდემიის პოტენციურ გავრცელებაზე. აღნიშნულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, FAO-მ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სულ ახლახანს გააძლიერეს ერთობლივი FAO/WHO ცენტრი, რომელიც მასპინძლობს ,,კოდექს ალიმენტარიუსის კომისიას’’ და აერთიანებს ექსპერტებს ზოონოტიკური დაავადებების სფეროში ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა FAO, WHO და სხვა გლობალური პარტნიორები და საკოორდინაციო მექანიზმები. მათი გაერთიანების მიზანია ეროვნული შესაძლებლობების შექმნა ზოონოტიკური საფრთხეების პროგნოზირების, პრევენციისა და კონტროლის მიზნით.
პანდემიის შედეგებზე სასურსათო თუ აგრარული სფეროების ეფექტური რეაგირება ასევე მოითხოვს გაერთიანებულ ჰუმანიტარულ ქმედებებს, კერძოდ, მოწყვლადი მცირე მეწარმეების და საოჯახო ფერმების საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფას. აუცილებელია კარგად დავგეგმოთ და გავაძლიეროთ კოლაბორაცია და პარტნიორობა გაეროს უწყებებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავარ ადგილობრივ აქტორებს შორის. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ რეალური წარმატების მიღწევას, თუ ხელიხელჩაკიდებული, ერთად ვიმუშავებთ უფრო მეტი ერთიანობის და ეფექტურობისათვის. მესამე, უნდა დავაჩქაროთ ინოვაცია ახალი საინვესტიციო სტრატეგიები, ციფრული ტექნოლოგიები და ინფასრტრუქტურული ინოვაციები უაღრესად მნიშვნელოვანია უკეთესი მონაცემების მოსაპოვებლად. ამასთან, ისინი ზრდის სურსათის წარმოების ეფექტიანობას და ბაზარზე წვდომას. ამ კუთხით, კერძო სექტორს ბევრი შესაძლებლობა გააჩნია, რომლის გამოყენება მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან წაადგებათ, რათა კერძო სექტორის ინოვაციებზე და შედეგებზე-ორიენტირებული მიდგომების საფუძველზე კიდევ უფრო დახვეწონ მეთოდები.
სასურსათო კრიზისი პრევენცია ახლა უნდა მოხდეს, არ შეიძლება დაველოდოთ როდის ამოიწურება ჯანმრთელობის კუთხით არსებული კრიზისი. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს უბრალოდ შიმშილის არასასურველ დონეებზე და პანდემიამდე არსებული სასურსათო საფრთხეების დონეზე დაბრუნება. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საკუთარ რესურსებს, ძალაუფლებას, რეალური დროის მონაცემებს, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და ტექნიკურ ექსპერტიზას სთავაზობს მთელს მსოფლიოს. ერთად, ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ყველაზე მეტი საჭიროების მქონე, მოწყვლად ადამიანებს, მოვახდინოთ შემდეგი კრიზისის პრევენცია, გავზარდოთ მოსახლეობის მედეგობა შოკების მიმართ და დავაჩქაროთ ჩვენი სასურსათო სისტემების ხელახალი განვითარება. ერთად, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, სადაც ყველა კარგად არის გამოკვებილი. მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ პრობლემის აღმოფხვრაში. “ – ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური
დირექტორის, კუ დონჟუს წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად