Facebook-მა, ახალი ზელანდიის ტერაქტის ამსახველი კადრების გამო 1,5 მილიონი ვიდეო წაშალა

Facebook-ის ადმინისტრაციამ 24 საათის განმავლობაში, წაშალა სოციალურ ქსელში განთავსებული 1,5 მილიონი ვიდეო, რომელზეც ახალ ზელანდიაში მომხდარი 2 ტერაქტის კადრებია ნაჩვენები. შესაბამის ოფიციალურ განცხადებას სოციალური ქსელის წარმომადგენელი მი გარლიკი აკეთებს.

როგორც იგი აღნიშნავს, ინციდენტის შემდეგ, სოციალურ ქსელში, პირველი 24 საათის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1,5 მილიონი ვიდეოჩანაწერი წაიშალა, მათგან 1,2 მილიონი კი ატვირთვის პერიოდში დაიბლოკა.

“ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსგავსი კონტენტი წავშალოთ”, – აცხადებს იგი.

მისი თქმით, აგრეთვე იბლოკება რედაქტირებული ვიდეოებიც, რომლებშიც ძალადობის კადრები ნაჩვენები არ არის.

გარლიკი განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერები იშლება ახალ ზელანდიაში მომხდარო ორი ტერაქტის დროს დაღუპულების ხსოვნისა და მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების პატივისცემის ნიშნად.

Facebook-მა, YouTube-მა და Twitter-მა, ტერორისტული თავდასხმის ამსახველი კადრების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 15 მარტს დაიწყეს. ტერაქტის დღეს Facebook-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც თითქმის 17 საათს გრძელდებოდა და რომელზეც ნაჩვენები იყო ერთ-ერთი ტერორისტი და მისი ქმედებები. გარლიკის თქმით, ახალი ზელანდიის პოლიციამ გააფრთხილა სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განთავსებული ვიდეოს შესახებ, რის შემდეგაც იგი ოპერატიულად წაშალეს. აგრეთვე დაიბლოკა იმ პირის Facebook და Instagram ანგარიშები, რომელიც ამ ვიდეოზე იყო ასახული.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა ახალი ზელანდიის ორ მეჩეთზე 15 მარტს მოხდა. ტერაქტის შედეგად, ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაიღუპა 49 ადამიანი, ხოლო დაშავდა კიდევ ათამდე მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...