ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი: სახელმწიფომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა დაიცვას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი, დენიელ ჰოლტგენი 5 ივლისს მოხდარ ძალადობრივ თავდასხმებს გმობს და სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს #TbilisiPride21-ის ჩატარებამდე, რამაც პრაიდის გაუქმება გამოიწვია #LGBTI თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება”, — წერს ჰოლტგენი ტვიტერზე.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...