“ევროპული საქართველოს” წევრები პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა დღეს ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.

“ევორპულმა საქართველომ” უარი განაცხადა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მოსმენაზე. მოსმენის ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატებთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა 5 სექტემბერს, ფრაქციის სხდომაზე, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.

პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში გაიმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით დაესწრება.

„ნაციონალური მოძრაობა“, საკომიტეტო მოსმენების მსგავსად, ფრაქციის ფორმატში შეხვედრის ბოიკოტირებასაც გეგმავდა, თუმცა გუშინ გვიან ღამით პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, ამის მიზეზი პარტიის მხარდამჭერთა მოთხოვნა გახდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად საკომიტეტო ბოიკოტისა და მიგვაჩნდა, რომ ეს არის სწორი, ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მესიჯი, რომ ამ რუტინულ ურთიერთობებში განხილვაში შესვლა იქნებოდა გარკვეული ფორმით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ასევე ვაპირებდით ფრაქციის სხდომის ბოიკოტს, მაგრამ ჩვენმა მომხრეებმა გვირჩიეს, გამოგვეყენებინა ეს მაღალი ტრიბუნა და კიდევ ერთხელ დაგვესვა ყველა ის მწვავე შეკითხვა, რაც აწუხებს დღეს საზოგადოებას და ჩვენ გადავწყვიტეთ, შევხვდეთ მთავრობას ფრაქციის ფორმატში. ის პრობლემა, რაც დგას დღეს ქვეყანაში და რა მძიმე ვითარებაში ჩააგდო ამ მთავრობამ ხალხი, ეკონომიკა, იმ ძალადობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ყველა ამ საკითხზე იქნება დასმული კითხვები და ეს სხდომა იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ როგორი ხელისუფლება დაგვასვა ივანიშვილმა თავზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...