“ევროპული საქართველო” პროკურატურისგან მოითხოვს, გადამოწმდეს დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები შეწყალებულების ოჯახებთან 

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველო” ერთთვიან ვადას აძლევს გენერალურ პროკურატურას, რომ დამაჯერებელი პასუხები გასცეს კითხვას, რა მოტივაცია იდგა განხორციელებული შეწყალებების უკან, რის შემდეგაც ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. 

“საქართველოს გენერალური პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ოფიციალურად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან, მათ ადვოკატებთან და ჩაატაროს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ გარემოებებს ნათელს მოჰფენს”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისმა ფრქაციელმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა გაახმაურა კონკრეტული წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით.

ოთარ კახიძის თქმით, თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

“ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები, თუმცა არც იმის ილუზია მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნებაც ეყოფა. მათი გადასაწყვეტია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოყვანილი, ამიტომ პრეზიდენტის ყველა მავნებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. თუ სურთ, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობას დაურთონ უკვე შემდგომი შესაძლო დანაშაულში მისი შემხებლობის საკითხიც, მაშინ ნუ გამოიძიებენ. თუმცა არაფერი არ დარჩება დაფარული. აუცილებლად გაიგებს საზოგადოება, რეალურად რა მოტივაცია იდგა ამ შეწყალებების უკან , რა ამოძრავებდათ. ჩვენ ერთთვიან ვადას ვაძლევთ გენერალურ პროკურატურას, თუ ერთ თვეში არ იქნება დამაჯერებელი პასუხები გაცემული ამ კითხვებზე, მაშინ დავაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში “ევროპული საქართველოს” რამდენიმე დეპუტატთან კონტაქტზე გამოვიდა წყარო, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან.

“ამ წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით. ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას, და მასთან გადადიან უშუალოდ ფინანსურ საკითხებს. ანუ გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არა აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. სწორედ ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ძალიან კარგად შეუძლია გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა”-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად