“ევროპული საქართველო” პარლამენტში იბარებს თეა წულუკიანს

“ევროპული საქართველო” პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს იბარებს.

“ევროპული საქართველოს” წევრებს თეა წულუკიანთან კითხვები რამდენიმე მიმართულებით აქვთ, მათ შორის, უწყების შიგნით პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაჩანა შენგელიას საქმეს გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძე შენგელიას მიმართ დისციპლინალურ წარმოებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიამ ადამიანის უფლებების კომიტეტში წერილი გააგზავნა, რათა წულუკიანი კითხვებზე პასუხების გასაცემად კომიტეტზე მიიწვიონ.

“ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭიროა რეაგირება. როდესაც ქალბატონ წულუკიანს კითხვა დავუსვით ამ თემასთან  დაკავშირებით, მან მოიტყუა, რომ ბაჩანა შენგელიას დევნა იმითია განპირობებული, რომ მას საგანგებო პირობების წესები ჰქონდა დარღვეული. შემდეგ მის მიერვე გაგზავნილი ინსპექციის დასკვნაში წერია, რომ საგანგებო პირობები ბოლომდეა დაკმაყოფილებული. სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. “ევროპულმა საქართველომ”გააგზავნა წერილი ადამიანის უფლებების კომიტეტში, რომ მოვიწვიოთ ქალბატონი წულუკიანი, რათა მან ამ კითხვებზე გასცეს პასუხი”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით,  ბაჩანა შენგელიას საქმე არ არის ერთადერთი, რაზეც წულუკიანთან „ევროპულ საქართველოს“ კითხვები აქვს. კაპანაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციის სისტემაში პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა არაერთხელ განხორციელებულა.

შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს.

წერილში ნათქვამია, რომ შენგელია Facebook-ზე „ახორციელებს მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯარო გამჟღავნებას და აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს“.

რამდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად