“ევროპული საქართველო” ინიციატივით გამოდის, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპული საქართველო მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ. ლარი დარჩება,  რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ. ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას;  სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ. ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარად.

„ჩვენი შეთავაზება არის მარტივი- ამ შემდგომი თვეების, 7-8 თვის განმავლობაში მაინც, შეაჩერონ ეს პროგრამა. ამის შედეგად ფული დარჩება დასაქმებულს, დამსაქმებელს და სახელმწიფოც დაზოგავს ბიუჯეტს, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული სხვა რაღაცებისთვის“, – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

მისი თანაგუნდელის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ფონდის დროებით შეჩერება ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში უმუშევრობის ზრდის შეჩერებას​.

„გადავადება უნდა შეეხოს ყველა იმ პროცენტს, იხდის ეს დასაქმებული, დამსაქმებელი თუ სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც მიდის საპენსიო ფონდში. ასე გამოთავისუფლებული თანხები იქნება ის წვლილი ზოგადად უმუშევრობის ზრდის შესაჩერებლად, რაც სამწუხაროდ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში გველოდება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად